1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო
მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო

253
0

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, სკვერის მოწყობამდე, აღნიშნული ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განხორციელდა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას, ახალი პარკების მოწყობა-რეაბილიტაციას. გვახსოვს მავნე პრაქტიკა, რომელიც იყო წლების წინ – რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული მოედნების ხარჯზე სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები ჩაეტარებინათ. ბოლო წლებში, მუნიციპალიტეტს ბევრი სივრცის გამოსყიდვა და დაბრუნება მოუწია. ერთ-ერთი ასეთია „მზიურის“ პარკის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. მუნიციპალიტეტმა ადგილმონაცვლეობა განახორციელა და ეს ტერიტორია თბილისელებს დაუბრუნდა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ  აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობდით. სამუშაოები უკვე დასრულებულია. შედეგად „მზიურის“ პარკის ტერიტორია 2.5 ჰექტრით გაიზარდა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში  20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კონცერტი გაიმართება.

„პროექტის ფარგლებში, ტერიტორია გამწვანდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგო. მოეწყო მოსასვენებელი და სატრენაჟორო სივრცეები.  ყველა პირობაა შექმნილი, რომ ადამიანმა დაისვენოს და განიტვირთოს. პარასკევს, 19:00 საათზე, „მზიურის“ პარკში გელოდებით ყველას კონცერტზე. დამატებით ინფორმაციას  საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.