
მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში – The Daily Telegraph
ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 8 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მსოფლიო დენთის კასრზე დგას, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება: ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი დასრულდა, „კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ქაოსის, ომებისა და ნგრევის ეპოქაში“ (ავტორი – ალისტერ ჰითი, „დეილი ტელეგრაფის“ საკვირაო გამოშვების – „სანდეი ტელეგრაფის“ მთავარი რედაქტორი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ვერ ვიტყვით იმას, რომ პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ. რომელ პროგრესზე შეიძლება ლაპარაკი, როცა გერმანულ ნაციზმზე გამარჯვების 80 წლისთავის დღეებში მსოფლიო მორიგ აპოკალიპტურ ხანძრისაკენ მიექანება, ხოლო ინდოეთ-პაკისტანს შორის შექმნილ ისედაც მწვავე ურთიერთდამოკიდებულებაში მორიგი სახიფათო ესკალაცია მოხდა. ამერიკულ თარგზე გამოჭრილი საერთაშორისო წესრიგი დარღვეულია და მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. მასთან ერთად გაქრა დასავლური თანამედროვეობის ილუზიები.
დღეს ბევრი ავლებს პარალელებს 1930-იან წლებთან, რომელსაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მართლაცდა, ახლა იმდენი კონფლიქტები მიმდინარეობს, რომლებიც იოლად შეიძლება გადაიზარდონ საშინელ გლობალურ ომში.
ჩვენ ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით, როგორ განვითარდება და დასრულდება ინდოეთ-პაკისტანის საომარი დაპირისპირება ქაშმირში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, ან რას მოიმოქმედებს ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში და შეიჭრება თუ არა ჩინეთის არმია ტაივანზე. მაგრამ რაც თითქმის უეჭველია, არის ის, რომ დიდი ომი ახლოვდება, რომელსაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომი ვუწოდოთ და ძალიან სამწუხაროა, რომ არ არსებობს არავითარი მექანიზმი და არანაირი ალიანსი მის შესაჩერებლად.
სიტუაცია გამოუვალი და უმედოა. გრძელვადიანი მშვიდობა, როგორც ჩანს, ისტორიული შემთხვევითობა აღმოჩნდა, რომელსაც განაპირობებდა აშშ-ის ეფემერული უპირატესობა ცივ ომში და არა კაცობრიობის გონივრული სწრაფვა მშვიდობის განმტკიცებისათვის, როგორც ამას დასავლური პოლიტიკური ელიტები გვიმტკიცებენ.
ის ვაკუუმი, რომელიც აშშ-ის უკანდახევის შედეგად გაჩნდა, მრავალპოლუსიანმა ქაოსმა შეავსო. მსოფლიოს გლობალური პოლიციელი აღარ ჰყავს. ის საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, აბსოლუტურად უსარგებლოდ აღმოჩნდა. ისინი მხოლოდ აშშ-ის ძლიერების დროს იყვნენ სიცოცხლისუნარიანნი და როგორც კი ვაშინგტონმა უკან დაიხია, მათ ეფექტურობასაც ბოლო მოეღო. საერთაშორისო ორგანიზაციები გადაიქცნენ კორუმპირებულ გაერთიანებებად ან ისინი ძლიერი სახელმწიფოების მძვლები გახდნენ. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნები არ სრულდება. მარქსისტული ლიდერების გავლენა მატულობს. ევროკავშირი თავის ეკონომიკას თვითონვე ანგრევს. გლობალურ სამხრეთი დასცინის დამპალ დასავლეთს და ტრამპის სულლურ მოქმედებას. ჩინეთის ლიდერი კი მოსკოვში თავის ვასალს – რუსეთის პრეზიდენტს ხვდება.
ამერიკა უკვე აღარ არის იმდენად მდიდარი და ძლიერი, რომ საერთაშორისო მშვიდობა შეინარჩუნოს. და რომც მოისურვოს, ის ამას ვეღარ შეძლებს. მისი მცდელობები, რომ ეს 11 სექტემბრის შემდეგ გაეკეთებინა, კრახით დასრულდა – მაგალითად, მისი ჩარევები ლიბიაში და ავღანეთში. აშშ-ის რწმენა საკუთარი თავის მიმართ დარღვეულია. წლების განმავლობაში მომხმარებლურმა პოლიტიკამ და იმპორტმა ამერიკა სხვებზე დამოკიდებულ ქვეყნად გადააქცია, რომელმაც ვაშინგტონს არასასურველი გეოპოლიტიკური შედეგები მოუტანა. გადაჭარბებული ვალები და არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები აშშ-ის „აქილევსის ქუსლად“ იქცა. დონალდ ტრამპის ამომრჩევლებს აღარ სურთ საზარბაზნე ხორცად ყოფნა უსასრულო საზღვარგარეთულ ომებში. ტრამპი სულ უფრო იხრება მონროს დოქტრინისაკენ, რომელიც აშშ-ის გავლენას მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე გულისხმობს (პანამის, კანადისა და გრენლანდიის ჩათვლით). ტრამპმა ევროპა პუტინს დაუტოვა, აზია კი სი ძინპინს. მართალია, ფორმალურად თეთრ სახლს თითქოს არ სურს ჩინეთის მიერ ტაივანის დაპყრობა, მაგრამ სინამდვილეში ტრამპს ტაივანის ბედი სულაც არ აინტერესებს – იგი იჯერებს ისეთ ზღაპრებს, რასაც მას პუტინი უყვება. საბჭოთა კავშირის დაშლამ და ცივი ომის დასრულებამ აშშ-ზე და ევროპაზე ცუდი გავლენა მოახდინეს – უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ისინი მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე აღარ ჰყავთ, საკუთარ კეთილდღეობას და სოციალური დონის გაუმჯობესებას მეტი ყურადღება დაუთმეს, თავდაცვაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი შეასუსტეს. ალიანსები შემოიფარგლნენ სადღაც რომელიღაც ქვეყანაში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლებით, იარაღის ქარხნები დახურეს, ახლა კი ევროპას საკმარისი რაოდენობის რაკეტები და საბრძოლო მასალები აღარ აქვს. ერთმანეთთან შეთავსებული პათოლოგიური მულტიკულტურალიზმის, პაციფიზმის ზრდით და გაღვიძებული ანტიპატრიოტიზმის შედეგად დასავლეთი უფრო ნაკლებად ბრძოლისუნარიანია, ვიდრე ეს 1930-იანი წლების გადაიარაღების წინ იყო.
ჩვენი მოწინააღმდეგეების მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია: გლობალურ სამხრეთში სწრაფად მატულობს კეთილდღეობის დონე მას შემდეგ, რაც იქაურმა ქვეყნებმა განვითარებისათვის კაპიტალიზმის თანამედროვე, „მოდერნიზებული“ ვარიანტები აირჩიეს. ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ წინსვლას, ერთი შეხედვით, ლიბერალური ფასეულობების დამკვიდრებას ომების და ავტორიტარული მმართველობების თავიდან აცილება უნდა გამოეწვია, მაგრამ ასე არ მოხდა.
ჩინეთმა არ მიიღო დემოკრატიისა და პიროვნების ტავისუფლების იდეები. სამაგიეროდ, ქვეყანამ თავისი სიმდიდრე იარაღად გადააქცია, რომ მსოფლიოში მეორე სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო გამხდარიყო. პეკინმა თავისი მოწინავე ტექნოლოგიები პოლიტიკური დევნისათვის გამოიყენა, რომ „დისიდენტები“ მუდმივად თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ ჰყოლოდა. ჩინეთი რაც უფრო მდიდრდება, მით უფრო სახიფათო ხდება. არ გამართლდა თომას ფრიდმანის თეორია, რომ ქვეყნები, რომლებშიც მაკდონალდსის სწრაფი კვების ქსელია, ერთმანეთთან არ იომებენო – ეს იდეა ჯერ კოსოვოს ამბებმა (1999 წელს, ნატოს მიერ იმდროინდელი იუგოსლავიის დაბომბვით), შემდეგ კი, 2022 წელს, კრემლის ჯარების უკრაინაში შეჭრით „ამოყირავდა“.
ახლად გამოღვიძებული იდიოტები თავს იკატუნებენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ დასავლეთია ექსპანსიონისტი და რასისტი, რაც, ცხადია, შეცდომას წარმოადგენს. დღეს რუსეთს უკრაინის ხელში ჩაგდება სურს, ჩინეთს – ტაივანის დაპყრობა-მიერთება, ირანს კი, რომელიც „ჰამასს“ და „ჰეზბოლას“ აფინანსებს, ახლო აღმოსავლეთის გაკონტროლება და ისრაელის განადგურება. იმპერიალიზმის შერწყმა ეთნიკურ სიძულვილთან დღეს ისევევ დამღუპველია, როგორც 1930-იან წლებში იყო.
ძალთა ბალანსის დაცვა კიდევ უფრო რთულდება ასიმეტრიული ომების მასთაბების ზრდით: პატარა დრონებს, კერძოდ, დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ უფრო ძლიერი ქვეყნებისათვის და მსოფლიოს დესტაბილიზებისათვის. ეს მხოლოდ დროპის საკითხია: შეიძლება პატარა დრონმა ისეთი რამ მოახდინოს, რაც 1914 წელს ავსტრიელი ერც-ჰერცოგ ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია.
მეორე მსოფლიო ომამდე ბევრი შედარებით მცირე კონფლიქტი იყო მომხდარი, მაგალითად, იაპონიის არმიის შეჭრა მანჯურიაში, იტალილების შეჭრა ეთიოპიაში, ავსტრიის ანშლუსი მესამე რაიხის მიერ. მსგავს საგანგაშო სიგნალები ჩვენს დროშიც ვრცელდება – დაწყებული რუსეთის ყირიმში შეჭრით 2014 წელს, ბარაკ ობამას მმართველობის დროს, რაც მსოფლიოს ქაოსად გადაქცევისათვის გადამწყვეტ მომენტად იქცა. მას მოჰყვა ომი ეთიოპიაში – ტიგრაელ სეპარატისტთა დასასჯელად, რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ისრაელის შეტევა „ჰამასის“ წინააღმდეგ ღაზას სექტორში. ამ ყველაფერმა გააძლიერა ომების მსხვერპლთა ზრდის ტენდენცია.
დღევანდელი გადასახედიდან სასწაულად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ უკრაინის ომამდე ევროპელთა, ჩრდილოამერიკელთა და ავსტრალიელთა თითქმის სამი თაობა თავს არიდებდა ცდილობდა თავი აერიდებინათ სარაკეტო სეტევებისათვის, ბირთვული თუ ბიოლოგიური ომების ჯოჯოხეთისათვის და სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევებისათვის. დღეს კი რაზე ვფიქრობთ? მზად ვართ ვუღალატოთ არამარტო ჩვენს ვეტერანებს, არამედ ჩვენს შვილებსაც? ისინი, რომლებმაც თავის დროზე საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად შესწირეს ნათელ მომავალს, უკეთესს იმსახურებენ, ვიდრე იმას, რომ ჩვენ მათი მემკვიდრეობა დავანგრიოთ.
მოამზადა – სიმონ კილაძემ