“მრავალეროვნული სამხედრო ძალები – უკრაინის დასაცავად” -BBC
„ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც ბერლინში შეიკრიბნენ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენლებთან შესახვედრად, მიიღეს მოწოდება მრავალეროვნული ძალების შესაქმნელად, რომლებიც ხელს შეუწყობენ უკრაინის დაცვას“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “მრავალეროვნული სამხედრო ძალები – უკრაინის დასაცავად” (ავტორი – ელისაბედ ფოხტი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
განცხადებაში, რომელიც გერმანიის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკების შედეგების მიხედვით იქნა მიღებული, ევროპელმა ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ მშვიდობის გარანტად უნდა გახდეს მრავალეროვნული სამხედრო კონტინგენტი, ევროკავშირის საერთო ხელმძღვანელობით, რომლებიც შედგენილი იქნება კოალიციური ქვეყნების მიერ და აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით. ამ სამხედრო ძალების ამოცანები უნდა იყოს დახმარების გაწევა უკრაინის ჯარებისათვის ხმელეთზე, უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა და მხარდაჭერა საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავიანთ განცხადებაში ევროპელმა ლიდერებმა ასევე მიანიშნეს, რომ ყველაზე რთული საკითხი – ტერიტორიული დათმობები – მხოლოდ თვითონ უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს. მათ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა იცვლებოდეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტერიტორიის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს და მხოლოდ მას შემდეგ, როცა უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ამოქმედდება.
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთი საკითხი უნდა მოგვარდეს მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკების ფინალურ სტადიაზე. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მხარს დაუჭერენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას – მიმართოს უკრაინელ ხალხს საჭიროების შემთხვევაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და სხვებმა.
სამიტის შემდეგ ვესაუბრე ორ ამერიკელ ჩინოვნიკს, რომლებმაც მთხოვეს, რომ მათი ვინაობა არ გამემხილა. მოსაუბრეთა ტონი, შეიძლება ითქვას, ტრიუმფალური იყო: ამერიკელთა დელეგაცია ბერლინიდან ვაშინგტონში აშკარად კარგ ხასიათზე ბრუნდებოდა. მათ სჯეროდათ, რომ გარღვევა განახორციელეს. როგორც მოსაუბრეებმა აღნიშნეს, დისკუსიის მთავარ თემას უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ უკრაინას ისეთი ხელშეკრულება შესთავაზეს, რომელსაც „პლატინის სტანდარტი“ აქვს, ნატოს წესდების მე-5 პუნქტის სულისკვეთებით.
თეთრი სახლი პირობას დებს, რომ უკრაინას მხარს დაუჭერს ისეთ საკვანძო საკითხებშიც, როგორიცაა არმიის რიცხოვნობა და შეიარაღების ხარისხი. ჩინოვნიკებმა დამარწმუნებლად განაცხადეს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ განახორციელებს ზეწოლას კიევზე მტკივნეულ საკითხებში – დონბასის ტერიტორიის რუსეთისათვის გადაცემასთან დაკავშირებით (თუმცა უნდა ვთქვათ: პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ამ საკითხში ჯერჯერობით რაიმე კომპრომისი მიღწეული არ არის).
და ყველაზე მთავარი: ამერიკული მხარე დარწმუნებულია, რომ რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდება ბერლინის სამიტზე მოწონებულ ახალ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ასეთი ოპტიმიზმის მიმართ ბევრი კითხვა იბადება. ბოლო დღეებში კრემლიც და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც მიანიშნებდნენ, რომ სკეპტიკურად არიან განწყობილნი როგორც მთლიანად იმ გეგმის მიმართ, რომელიც ევროპელების მიერ არის შემუშავებული, ასევე მასში შეტანილი ცვლილებებისადმი. ვლადიმერ პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარებს ისეთი ტონი აქვთ, რომ რუსეთი არ ეთანხმება დოკუმენტის თავდაპირველ „შავად დაწერილ“ სახესაც კი, რომ არაფერი ვთქვათ მის ბოლო ვერსიაზე. ეს ნიშნავს, რომ სამშვიდობო გეგმის ბერლინური 20-პუნქტიანი ვერსია კრემლს ნამდვილად არ მოეწონება.
შესაძლოა, აშშ დარწმუნებულია იმაში, რომ თუ უკრაინა ტერიტორიების გადაცემაზე დათანხმდება, ამის გამო ვლადიმერ პუტინიც კომპრომისზე წავა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკა უფრო მეტად იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში თანასწორი დონით, ერთ სიბრტყეზე განიხილავენ როგორც დონბასის მიწების ბედს, ასევე უკრაინის ნატოსთან დამოკიდებულებას და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ომის შემდეგ. ვლადიმერ პუტინის თქმით, სასურველ შედეგს რუსეთი მიაღწევს როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზეც.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა ამჟამად ასეთნაირად ჟღერს: ვის დააბრალებს დონალდ ტრამპი სამშვიდობო პროცესის ჩაშლას იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებას ხელი არ მოეწერება – უკრაინა-ევროპას თუ მაინც რუსეთს?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია – აშშ-ის პრეზიდენტი ისეთია, რომ მის მოქმედებას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს.