1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოვა დრო კობახიძე, პაპუაშვილი და ღარიბაშვილი პირველები უარყოფენ ივანიშვილს”- გიორგი ვაშაძე
“მოვა დრო კობახიძე, პაპუაშვილი და ღარიბაშვილი პირველები უარყოფენ ივანიშვილს”- გიორგი ვაშაძე

“მოვა დრო კობახიძე, პაპუაშვილი და ღარიბაშვილი პირველები უარყოფენ ივანიშვილს”- გიორგი ვაშაძე

192
0

სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთი მხრივ, ამერიკელი სენატორების წერილში, მეორე მხრივ კი, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნული საკითხების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება, რისი საფრთხის წინაშეც ქვეყანას „ქართული ოცნება“ აყენებს

ვაშაძემ სენატორების მხრიდან გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ მთავარი მიზანი საქართველოს ევროპასთან დაშორება და „ქვეყნის კიდევ უფრო გაკოტრება და ჩამონგრევაა“.

„ცხადი ხდება რუსული კანონის მთავარი მიზანი, რომ ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულოს ისინი, რომ გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან.

მე ხელში მიჭირავს 2 დოკუმენტი: ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც ღიად საუბრობენ სანქციებზე საქართველოსთან, უფრო სწორად იმ პირებთან მიმართებით, ვინც პირველ რიგში, ამ ანტიქართულ საქმეს ეწევა. მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან.

მეგობრებო, აი ამ ორი ქმედების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და აი ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს დღეს „ქართული ოცნება“. მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის პარტია და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე და აუცილებლად დადასტურდება ხვალაც 7 საათზე, სადაც ყველა უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე და მომავალშიც.

რაც შეეხება ჩვენს ქმედებას, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ ეს უმძიმესი რეალობა გადაიტანოს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. დანაკარგები უკვე გვაქვს, ჩვენს იმიჯს უკვე ძალიან სერიოზული დარტყმა მიაყენა ,,ქართულმა ოცნებამ’’ ივანიშვილის თაოსნობით. მაგრამ ჩვენ, ისე, როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთიანები, რომ გადავტეხოთ ჩვენი ქვეყნის გაკოტრება, ეკონომიკის ჩამოშლა და ჩამონგრევა, საქართველოს იზოლაცია ავირიდოთ თავიდან.

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილის პარტიის დეპუტატებს, რასაც არ უნდა გავალებდეთ ივანიშვილი, იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი პასუხისმგებელი ხართ ქვეყნის, ერისა და თქვენი სამშობლოს წინაშე, თქვენი ოჯახებისა და შვილების წინაშე. დაფიქრდით, რას აკეთებთ.

მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველა იმ ადამიანს, რომელზეც ყოველდღიურად ძალიან ბევრი წნეხია. მეგობრებო, ჩვენი ერთად დგომის შემთხვევაში, თქვენი ქართველ ხალხთან დგომის შემთხვევაში ძალიან სწრაფად შეგვიძლია ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში და კიდევ ერთხელ ვამბობ რუსული კანონი სწორედ ამას ისახავს მიზნად, რამენაირად გააფუჭოს ურთიერთობა დასავლეთთან და პროვოცირება გაუკეთოს იმ ნაბიჯებს, რაზეც არის ახლა საუბარი აშშ-ში თუ ევროკავშირის მასშტაბით.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით გადავიტანოთ ეს ყველაფერი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით საქართველო ახლო მომავალში გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ამ უბედურებას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში გავიხსენებთ, როგორც უმძიმეს წარსულს, რომ მომავალში არასდროს აღარ განმეორდეს მსგავსი საბოტაჟი საქართველოს ეროვნული ინტერესების“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, “მოვა დრო კობახიძე, პაპუაშვილი და ღარიბაშვილი პირველები უარყოფენ ივანიშვილს”.