“მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით” – ზურაბ აზარაშვილი
მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება, ახლდეს თან; ან სამედიცინო გამოკვლევებს, შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ეს მიმართულება დაურეგულირებელია და არ ახლავს ის რეგულაცია, რამაც პროცესის უსაფრთხოდ ჩატარება უნდა უზრუნველყოს.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის დაურეგულირებელი და იმ კონკრეტული ადამიანის მოტივაცია არის დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მაგრამ ამას თან არ ახლავს ის რეგულაცია და კონტროლი, რამაც უსაფრთხოდ უნდა ჩაატარებინოს ეს პროცედურა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს. ზუსტად აქედან გამომდინარეა, რომ რეგულირდება. საქართველოს იმ მოქალაქეს, ვისაც ამის სურვილი აქვს, საქართველოს მოქალაქისთვის იმავეს გაკეთება ისევ შეეძლება. მაგრამ არ შეეძლება უცხოეთში. რეკლამის შემთხვევაში, ვზღუდავთ აქ რეკლამას და არ შეეძლება უცხოეთის მოქალაქისთვის, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, იმავე სერვისის გაწევა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, მინისტრის თქმით, ხუთი წლის წინ წელიწადში დაახლოებით 1 000 შემთხვევა იყო როგორც სუროგაციის, ასევე დონორობის, დღეს კი უკვე წელიწადში 2 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი, დამკვეთები ძირითადად არიან არა საქართველოს მოქალაქეები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულების დარეგულისრების რეკომენდაცია არსებობდა ჯერ კიდევ 2004 წლიდან და აღნიშნულ პუნქტს ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულებაც.
„2004 წლიდან გვავქვს რეკომენდაცია, რომ აღნიშნული სფერო დარეგულირდეს. რადგან იმ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ 20 წლის წინ, როდესაც ტექნოლოგიურად ვითარდებოდა მსოფლიო, ამის საშიშროება ჩვენს ქვეყანაშიც იყო. რატომ არის დღეს საქართველო მიმზიდველი. იმიტომ, რომ ეს მიმართუყლება არის სრულად დაურეგულირებელი, არ კონტროლდება არც დონორი, არც სუროგატი, არანაირი აღრიცხვა არ ხდება ამ მიმართულებით, როგორც სიცოცხლესთან დაკავშირებული პრობლემებია, ასევე სხვადასხვა სოციალური პრობლემა. ასეთი მოტივაციის გამჩენი რეკლამებიდან შეიძლება, ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა ხდებოდეს. ასევე აღნიშნული, ტრანსპლანტაციის კანონთან ერთად, ერთ-ერთ პუნქტად გვაქვს ჩაწერილი ევროასოცირების ხელშეკრულებაში და პანდემიამდე, თუ სწორად მახსოვს, 2020 წელს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო და ახლა დაჩქარებული მეთოდით ვცდილობთ შემოდგომისთვის, რომ აღნიშნული იყოს კანონის ჩარჩოებში მოქცეული“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სუროგაციის გზით ბავშვით დაბადება საერთოდ აკრძალულია.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული.