
მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ი აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დიდი ნაწილის დაპატიმრებას.
„მომივიდა ზუსტი ინფორმაცია: ივანიშვილის მაფიოზური სუს-ი აპირებს ახალ დიდ პროვოკაციას – „ნაციონალური მოძრაობის“, განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში, ლიდერშიპის დიდი ნაწილის დაპატიმრებას და ბრალის წაყენებას სახელმწიფო გადატრიალებისთვის.
ამისთვის გამოიყენებს ფალსიფიკაციის თანამედროვე მეთოდებს. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მეც და ჩემი თანამებრძოლებიც კატეგორიულად უარვყოფთ ყველანაირ ძალადობრივ ქმედებებს.
ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად ფართო საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი ქმედებებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან – უბრალოდ პროვოკატორი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.