
მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის -ირაკლი ბათიაშვილი
აგვისტოს ომის გადასახედიდან რა ხდება ცხადი, მივყვეთ ფაქტებს. მოხდა ჯარის შეყვანა კოდორის ხეობაში, მოსახლეობის სრული განიარაღება, მერე იდგა იქ მეხუთე ბრიგადა, ამის დადასტურება არის უმარტივესი, იდგნენ შს სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფები, – ამის შესახებ ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.
„ჯარის შეყვანით მაშინ დაარღვიეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, აფხაზეთის ომის მერე დადებული. განაიარაღეს მოსახლეობა და დაარღვიეს ხელშეკრულება, ვინაიდან, ამ ხელშეკრულების თანახმად, არცერთ მხარეს იქ საჯარისო დანაყოფების შეყვანის უფლება არ ჰქონდა. მალევე, ჯარის შეყვანა მოხდა ივლისში, 2006 წლის სექტემბერში, მაგ დროს მე ციხეში ვარ, ინფორმაციას ვეცნობოდი, რუსეთმა გაიტანა გაერო-ს უშიშროების საბჭოზე რეზოლუციის პროექტი, რომ კოდორის ხეობაში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება და მთელი უცნაურობა ის იყო, რომ არავინ დაადო ვეტო. ეს რეზოლუცია მიიღეს, რომ საქართველოს მხარემ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება“, – განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, აგვისტოს ომში რუსეთი მიზნად ისახავდა შემოჭრას სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და მიზნად ისახავდა შიდა ქართლის ტერიტორიის აღებას.
„რუსეთს სჭირდებოდა მაპროვოცირებელი საბაბი და მაშინდელმა ხელისუფლებამ მას ეს მისცა, მაგრამ ასევე უკვე დიდი ხანია, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, როგორმე აეღო ეს კოდორის ხეობა, რომელიც იყო ერთადერთი, სოლივით შეჭრილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამიტომ, რუსეთისთვის რა იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი – პირველი, მოსახლეობის განიარაღება, რადგან პრობლემა იქნებოდა მათთვისაც, სერპარატისტებისთვის, ნებისმიერი ძალისთვის პრობლემა იყო კოდორის ხეობის აღება, ვინაიდან მოსახლეობა იყო ძალიან კარგად შეიარაღებული და ძალიან ბრძოლისუნარიანი. ყოველ შემთხვევაში, მათთვის დიდ მსხვერპლთან იქნებოდა დაკავშირებული; მეორე – სჭირდებოდათ საბაბად, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ჩვენ კი არ ვარღვევთ, ეს უკვე დარღვეულია ქართული მხარის მიერ. ეს ორი რამ სჭირდებოდათ, ეს ორი წინაპირობა საჩუქრად მიართვა 2006 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მოსახლეობაც განაიარაღეს კოდორის ხეობაში და პლიუს გამოვიდა ისე, რომ მაშინ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება იქნა აქეთა მხირდან დარღვეული.
ეს ორი პროვოკაციული საბაბი სჭირდებოდა მაშინ რუსეთს, რომ აეღო კოდორის ხეობა. მაშინ რუსებმა და სეპარატისტებმა 2008 წლის აგვისტოში კოდორის ხეობა აიღეს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. ამხელა ძალა იდგა იქ, მთელი მეხუთე ბრიგადა, დანაყოფები, უზარმაზარი შეიარაღება, ყველაფერი ჩატოვეს იქ და ისე, რომ აქეთა მხრიდან ერთი ტყვია არ გასროლილა, ასე ხონჩით მიართვეს მტერს კოდორის ხეობა. ეს ყველაფერი არის ფაქტობრივ მოცემულობებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ამასთან, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ირაკლი ბათიაშვილმა აღნიშნა:
„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის“.
„ამას არავინ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი, დიდი დარტყმები მელოდა ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა აღვდგომოდი. მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი, რაც გავაკეთე, მახსოვს „რუსთავი 2“-ზე მივედი მაშინ. ვილაპარაკე, რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს. იქ ერთი ადამიანიც რომ გაეგზავნათ და საუბრის საშუალება მიეცათ, ეს კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან გადაწყდებოდა. ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მაშინ ბევრჯერ გამოვედი, ჩემი მძაფრი პოზიცია გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს პროკურატურაში, მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მოვიდნენ სოდ-ის თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო მოდულის შენობაში ბრალის წარსადგენად, ანუ, დასაპატიმრებლად. მაშინ არავინ შევაწუხე, ტაქსი გავაჩერე, ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.