
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ. რადიკალური ძალები ცდილობენ დღის წესრიგი შექმნან, თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას. საზოგადოება ხედავს, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს – პაატა სალია
მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გარდაცვლილი პატიმრის საკითხთან დაკავშირებით.
მისი თქმით, იგი გამორიცხავს, რომ პატიმრის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა ძალადობას.
„მინდა სამძიმარი გამოვხატო გარდაცვლილის ოჯახის მიმართ, ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, თუმცა მინდა აქვე ცალსახად გამოვიცხო ის სპეკულაციები, რაც გვესმის უკვე ორი დღის განმავლობაში, რომ თითქოს ამ ძალადობის მონაწილე თავად პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იყვნენ. ეს არის ცალსახად გამორიცხული. დღეს გამოქვეყნებული ვიდეომასალით აშკარად დასტურდება, რომ პაციენტს, აწ გარდაცვლილ პირს სახეზე არ აღენიშნებოდა რაიმე დაზიანებები. ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს საბოლოოდ და შესაბამისი ექსპერტიზების შემდეგ გახდება ცნობილი. სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო პატიმარმა ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ეს მასალა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ნახოს ის კადრები, რომელიც პენიტენციურ სისტემაშია. ასევე „ვივამედში“ პაციენტის მიღებისას არის გადაღებული და სადაც აშკარად ჩანს, რომ არანაირ ძალადობას, მით უფრო პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
რადიკალურმა ძალებმა აიტაცეს ეს ფაქტი და ცდილობენ ამასთან დაკავშირებით დღის წესრიგი შექმნან, რომ თითქოს ციხეებში ადგილი აქვს ძალადობას და ა.შ. ამას საზოგადოება არ დაიჯერებს. საზოგადოება ხედავს თუ რამდენად არის ვითარება შეცვლილი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ.