მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 13.3 პროცენტამდე შემცირდა -საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა.
ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.
ამასთან, უწყების მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 47.3 პროცენტი შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
დასაქმების დონე ქალაქებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9 პროცენტს და 46.5 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.0 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.0 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში. 2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 11.4 პროცენტს და 14.7 პროცენტს შეადგენს.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2025 წლის მესამე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.7 პროცენტული პუნქტით.
2025 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით.