1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მეორე ტური რთული, დრამატული და პრინციპული იქნება” – რა შანსები აქვთ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს
“მეორე ტური რთული, დრამატული და პრინციპული იქნება” – რა შანსები აქვთ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს

“მეორე ტური რთული, დრამატული და პრინციპული იქნება” – რა შანსები აქვთ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატებს

161
0

ამ დროისთვის არსებული წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთში, გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, 28 მაისს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

HaberTurk-ის ინფორმაციით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 99.20 პროცენტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.39 პროცენტი მიიღო, მისმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი – 44.97%.

არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

როგორი იქნება თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს?

ამ საკითხზე “ჯორჯიან თაიმსს” ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა:

“როგორც ჩანს მეორე ტური გაიმართება, რადგან ორივე კანდიდატმა აღიარა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. მეორე ტური რთული, დრამატული და პრინციპული იქნება. ვფიქრობ, ერდოღანი მეორე ტურში გაიმარჯვებს. მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში 50%-ზე მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც საკმარისია, იმისთვის, რომ პარლამენტმა ერდოღანის სასარგებლოდ იფუნქციონიროს. ველოდი, რომ პარლამენტში ერდოღანს უპირატესობა არ ექნებოდა.

მესამე კანდიდატმა, რომელმაც 5% აიღო, ნაციონალისტია და მისი მსოფლმხედველობა ერდოღანის იდეოლოგიაში ჯდება. მისი მხარდამჭერები, ვფიქრობ, ერდოღანს მისცემენ ხმას,” – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტის თქმით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შემთხვევაში თურქეთი ევროპისკენ გადაიხრება.

“ქილიჩდაროღლუს გამარჯვების შანსები მაღალი კი არის, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ერდოღანს უპირატესობა მაინც აქვს. თუმცა, არ გამიკვირდება და არ გამოვრიცხავ, რომ ქირიჩდაროღლუმ გაიმარჯვოს.

ჩვენ რომ გვესაუბრა მეორე ტურის არჩევნების წინა დღეს, შეიძლება სულ სხვა განცდა მქონოდა, იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართებოდა წინა საარჩევნო საარჩევნო კამპანია. ქირიჩდაროღლუმ რომ გაიმარჯვოს ეს არ იქნება ფანტასტიკა, სრულიად რეალურია. თუმცა, მისი გამარჯვების შემთხვევაში თურქეთი ევროპისკენ გადაიხრება, უფრო დემოკრატიული გახდება და რეფორმებისათვის მეტად იქნება მზად. რუსეთის მიმართ პოლიტიკა მსუბუქად შეიცვლება. შესაძლებელია შეიცვალოს კონტექსტი უკრაინის მიმართ და უფრო პროევროპული იყოს, ვიდრე ნეიტრაულრი. შეიცვლება დამოკიდებულება სირიის მიმართ.

ჩემი აზრით, საქართველოს მიმართ არაფერი შეიცვლება, რადგან ერდოღანიც კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ. მას სჭირდება ეს, რადგან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან,”– განაცხადა ჩვენთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსიდან თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გაიმარჯვა.

ოფიციალური მონაცემებით, ქილიჩდაროღლუს ხმა მისცა 639-მა ამომრჩეველმა (63,58%), მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს – 315-მა (31,34%).

საერთო ჯამში საქართველოში ხმა თურქეთის 1005-მა მოქალაქემ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ლიდერმა ქილიჩდაროღლუმ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გაიმარჯვა, მაგალითად – რუსეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთსა და ავსტრალიაში.

/ ნინო ოთარაშვილი /