მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე-ინტერვიუ ვიქტორ ორბანთან
გერმანული გამოცემა „ფოკუსი“ (Focus) აქვეყნებს ინტერვიუს უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან, რომელსაც ჟურნალისტი გაბორ შტაინგარტი ესაუბრება.
უნგრელი ლიდერი პასუხობს კითხვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ევროკომისიის თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან დაპირისპირებაზე, რუსეთ-უკრაინის ომთან დამოკიდებულებაზე და სხვა თემებზე.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
– თქვენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ლიდერებს შორის ერთადერთი ბრძანდებით, რომელსაც გჯერათ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს. რატომ?
– დიახ, ჯერ-ჯერობით მე ერთადერთი ვარ, ვინც ღიად გამოხატავს ასეთ იმედს. რადგანაც ეს არცთუ ისე პოპულარული პოზიციაა, სხვა პოლიტიკოსებს თავიანთი თვალსაზრისის გამჟღავნება ერიდებათ.
– რა მოხდა თქვენსა და ურსულა ფონ დერ ლაიენის ურთიერთობაში? ევროკომისიის პრეზიდენტს ბრალს იმაში სდებთ, რომ მან თქვენს წინააღმდეგ “ერთგვარი ინტიფადა” წამოიწყო…
– პრობლემა მას შემდეგ წარმოიქმნა, როცა ნათელი გახდა, რომ ევროკომისიის მისეული კონცეფცია ჩემსას არ ემთხვევა. ადრე კომისია განიხილებოდა როგორც ხელშეკრულებების ერთგულ სტრუქტურად და შესაბამისად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული ინტერესების დამცველად. ევროკომისია პოლიტიკურად ნეიტრალური რჩებოდა. ახლა ყველაფერი სულ უფრო მეტად პოლიტიზებული ხდება. მისი თავდასხმები ჩემს წინააღმდეგ ამის მკაფიო დადასტურებას წარმოადგენს
– თქვენ ყველაზე მეტი უთანხმოება უკრაინის საკითხში გაქვთ. ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი – ანუ თქვენ – მზად არის კიევი რუსეთს ჩააბაროსო და ჰგონია, რომ ამით მშვიდობა დამყარდებაო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, „არცერთ ევროპულ ენაზე სიტყვა „მშვიდობა“ არ ითვლება „კაპიტულაციის“ სინონიმად, ხოლო „სუვერენიტეტი“ – „ოკუპაციად“. როგორ უპასუხებდით თქვენს პოლიტიკურ მეტოქეს?
– საქმე ისაა, ჩაბმული ვართ თუ არა ისეთ ომში, რომელიც წინასწარ წამგებიანია და არა მომგებიანი… ამჟამად ჩვენ ვაგებთ, ამიტომ ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ჩვენ ისე ვიქცეოდით და ვმოქმედებდით, რომ თითქოსდა უკრაინის კონფლიქტი ჩვენი საკუთარი კონფლიქტი იყო, ახლა კი, რადგან მასში მეტ-ნაკლებად ვართ ჩაბმული, ჩვენ ამ ომს ვაგებთ.
– და რის საფუძველზე ასკვნით, რომ დასავლეთი ომს აგებს? ამჟამად უკრაინის არმიას რუსეთის ტერიტორიაც კი აქვს დაკავებული და ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა კურსკის ოლქიდან ასეულ ათასობით თანამოქალაქის ევაკუაცია განეხორციელებინა…
– მე ძალიან მიკვირს, რომ გერმანიაში ჩვენს წაგებას ვერ ამჩნევენ. თუ ფრონტზე შექმნილ სიტუაციას ობიექტურად შევხედავთ და ორივე მოწინააღმდეგის ბრძოლისუნარიანობას შევაფასებთ, აშკარა გახდება, რომ ჩვენ წაგებულის მხარეს ვდგავართ, ანუ ჩვენც ვაგებთ.
(…).
– თქვენ გახდით ბოლო ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ვლადიმერ პუტინს კრემლში ეწვიეთ. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება? თვლით თუ არა თქვენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისათვის?
– ჩემი ინიციატივა ორიოდე სიტყვით ასეთია: ცეცხლის შეწყვეტა. მე მინდა დავარწმუნო უკრაინელებიც და რუსებიც, რომ უკეთესია დღეს იფიქრონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, რომელიც სამომავლო მოლაპარაკებისათვის სივრცეს შექმნის. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არც კიევს და არც მოსკოვს ეს იდეა არ აწყობთ. ორივე ფიქრობს, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს. სწორედ ამ მიზეზის გამო გავემგზავრე ჩინეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
(…)
– თქვენ რომ 1956 წელს, ანტისაბჭოთა აჯანყების დროს, ბუდაპეშტში ყოფილიყავით, იბრძოლებდით რუსეთის არმიის წინააღმდეგ?
– რა თქმა უნდა, მებრძოლთა პირველ რიგებში ვიქნებოდი.
მოამზადა სიმონ კილაძემ