1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ”-BBC
“მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ”-BBC

“მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ”-BBC

285
0

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) ყურადღებას უთმობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესს და აქვეყნებს სტატიას სათაურით : „მარკო რუბიო და მაიკლ უოლტცი: ვინ იქნება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საგარეო პოლიტიკით დაკავებული და ვინ რას ამბობდა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ“ (ავტორი – სარა სმიტი, კორესპონდენტი ჩრდილოეთ ამერიკაში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე შეიძლება კონგრესის სენატის წევრი ფლორიდის შტატიდან მარკო რუბიო დანიშნოს, ხოლო მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ასევე ფლორიდის შტატიდან – მაიკლ უოლტცი, – აღნიშნავენ ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.

გაზეთები „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) და „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal), აგრეთვე ტელეკომპანიები „სი-ბი-ესი“ (CBS) და „სი-ენ-ენი“ (CNN) საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ აშშ-ის სახელმწფო მდივანი შეიძლება მარკ რუბიო გახდეს. ჟურნალისტთა ცნობით, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული, მაგრამ მარკ რუბიოს გვარ-სახელი ბოლო დღეებში რესპუბლიკელებს შორის სულ უფრო ხშირად ჟღერს, როცა საუბარი ეხება ამერიკული ფედერალური დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის პოსტზე დასანიშნ კანდიდატებს.

როგორც ამერიკული მასმედია წერდა, დონალდ ტრამპი მარკ რუბიოს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მომენტში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დასანიშნ ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი ჯეიმს დევიდ ვენსის კანდიდატურაზე შეჩერდა.

რუბიო-ტრამპი: მეგობრობა ლანძღვის შემდეგ

„55 წლის მარკ რუბიოს დანიშვნა, თუ მართლაც განხორციელდება, ძალიან საკვირველი შემობრუნება იქნება მის ურთიერთობებში დონალდ ტრამპთან“, – აღნიშნავს ფრანგული სააგენტო „ფრანს-პრესი“ (AFP). 2016 წელს, როცა ორივე პოლიტიკოსი პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციისათვის იბრძოდნენ რესპუბლიკური პარტიისაგან, მარკ რუბიო დონალდ ტრამპს „გაიძვერას“, „ყალთაბანდს“ და „თაღლითს“ უწოდებდა და მოიხსენიებდა „ყველაზე ვულგარულ ადამიანად“, რომელსაც ოდესმე პრეტენზია ჰქონდა პრეზიდენტის პოსტზე“ აშშ-ის ისტორიაში. დონალდ ტრამპი კი, თავის მხრივ, მარკო რუბიოს „პაწია მარკოს“ ეძახდა და დასცინოდა მის სატელევიზიო გამოსვლებს.
მარკო რუბიო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მეომრულად განწყობილ კანდიდატად სახელმწიფო მდივნის პოსტზე და მოსალოდნელია, რომ იგი დაუნდობელი იქნება „ამერიკის მტრების“ მიმართ – ჩინეთის, ირანისა და კუბის ჩათვლით. გარდა ამისა, მარკო რუბიო მომხრეა დონალდ ტრამპის იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკური კურსისა დევიზით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, რომელიც მიმართულია აშშ-ის მხრიდან უცხოურ კონფლიქტებში მონაწილეობის თავშეკავებისაკენ.
როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, ამას წინათ მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დონალდ ტრამპის პოზიცია გაიმეორა და განაცხადა, რომ კონფლიქტი ჩიხში შევიდა და მისი დასრულების დრო დადგა.

მაიკლ უოლტცი: „ჩინეთი აშშ-ის მტერია“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი” (The Washington Post) და ტელეარხი „სი-ბი-ეს ნიუსი“ (CBS News), აგრეთვე ბრიტანული „როიტერი“ (Reuters) იტყობინებიან, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტის დაკავება შესთავაზა კონგრესმენს, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრს ფლორიდის შტატიდან (სადაც დონალდ ტრამპს თავისი ვილა აქვს), ეროვნული გვარდიის გადამდგარ პოლკოვნიკს მაიკლ უოლტცს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში დღეს ამ პოსტზე ჯეიკ სელივანი მუშაობს.

50 წლის მაიკლი ავღანეთის ომის ვეტერანია და დონალდ ტრამპის დიდი ხნის მხარდამჭერი. იგი მთლიანად იზიარებს არჩეული პრეზიდენტის პოზიციებს მიგრაციასთან და უკრაინასთან მიმართებით. მაიკლ უოლტცის აზრით, აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს, მაგრამ უმკაცრესი კონტროლით, რათა ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ფული მხოლოდ სასარგებლო საქმეს მოხმარდეს.

გარდა ამისა, მაიკლ უოლტცი ცნობილია როგორც ჩინეთის საგარეო პოლიტიკის მძაფრი კრიტიკოსი. კერძოდ, იგი გამოვიდა კანონპროექტის ინიციატორად, რომლის თანახმად, აშშ-ის დამოკიდებულება ჩინურ კრიტიკულ მინერალებზე (იშვიათ წიაღისეულ ლითონებზე) უნდა შემცირდეს.

საერთოდ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ისტორიულად ძალიან გავლენიანია. ეს არის ერთ-ერთი იმ თანამდებობათაგან, რომელიც პრეზიდენტის პირდაპირ დაქვემდებარებაში შედის და არ საჭიროებს სენატისაგან დამტკიცებას. გასულ კვირას მაიკლ უოლტცი კონგრესში ხელახლა იქნა არჩეული და ამიტომ მას, თეთრ სახლში მუშაობის დაწყებისათვის, კონგრესის (სენატის) წევრობის დატოვება მოუწევს.

რუბიო და უოლტცი ნატოზე და რუსეთ-უკრაინის ომზე

მაიკლ უოლტცი ამბობს, რომ მისი შეხედულებები რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დროთა განმავლობაში შეიცვალა. 2022 წელს, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, იგი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებდა, რომ უკრაინისათვის რაც შეიძლება მეტი იარაღი მიეცა რუსული აგრესიის შესაკავებლად. მაგრამ ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ ეთერში გამოსვლისას, გასულ კვირაში, მან გააკრიტიკა კიევისათვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაწეული დახმარება და მიანიშნა, რომ ომი დიდი ხანია უკვე გრძელდება, დიდ მსხვერპლს და ნგრევას იწვევს, ამიტომ დროა რამენაირი სახით დასრულდეს.
ერთ-ერთ პარტიულ ღონისძიებაზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართა, მაიკლ უოლტცმა თქვა, რომ უკრაინის ბედში აშშ-ის როლი გადახედვას საჭიროებს და ამას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რესპუბლიკელები აუცილებლად განახორციელებენ.

„უნდა გაანალიზდეს, რამდენად არის აშშ-ის ინტერესებში უკრაინისადმი დახმარება. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ ომში დიდ დროს, რესურსებს და ფულს ვხარჯავთ, რომელიც ჩვენ წყნარი ოკეანის რეგიონში ძალიან გვჭირდება“, – თქვა სენატორმა რამდენიმე კვირის წინ, – „ჯო ბაიდენს კარტ-ბლანში აქვს, მაგრამ სტრატეგია არ უვარგა. უკრაინისათვის უვადოდ იარაღის მიწოდება მცდარი პოლიტიკაა“, – აღნიშნა მან.

მაიკლ უოლტცი მხარს უჭერს დონალდ ტრამპის პოზიციას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მიმართებით ხარჯების საკითხში და ხაზს უსვამს, რომ ნატოს წევრებმა სამხედრო ბიუჯეტი აუცილებლად უნდა გაზარდონ, მეტი იარაღი უნდა აწარმოონ, არ უნდა იყვნენ მთლიანად აშშ-ის იმედზე და საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი იარაღით დიდწილად თვითონ უნდა უზრუნველყონ. მაგრამ იმავდროულად მაიკლ უოლტცს, დონალდ ტრამპისაგან განსხვავებით, ნატოდან აშშ-ის გასვლა მას დაუშვებლად მიაჩნია: „ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა არ უნდა ხდებოდეს. შეიძლება რაღაც საკითხები სადაო იყოს, მაგრამ ყველანაირი უთანხმოების მიუხედავად, ჩვენ მოკავშირეებად და მეგობრებად უნდა დავრჩეთ“.

აღსანიშნავია, რომ მარკო რუბიო იყო ერთ-ერთი რესპუბლიკელი მათგან, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს უკრაინისათვის წლის დასაწყისში 62 მილიარდი დოლარის გამოყოფას. პაკეტი, როგორც ცნობილია, დიდი დაგვიანებით იქნა მიღებული – აპრილში.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფლორიდელმა სენატორმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკების მაგიდას უნდა მიუსხდნენ და ომი შეწყვიტონ. ამასთან კიევი არ უნდა ჩაიციკლოს იმ ტერიტორიების დაბრუნებაზე, რომლებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ყირიმის ჩათვლით: „მე რუსეთის მომხრე არ ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა ისეთია, რომ ომი უკრაინაში მოლაპარაკებით [და კომპრომისით] უნდა დასრულდეს“, – განაცხადა მარკო რუბიომ სექტემბერში.

შენიშვნა: დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესი 12 ნოემბერს კიდევ რამდენიმე საკადრო საკითხის შესახებ გახდა ცნობილი: არჩეულმა პრეზიდენტმა პენტაგონის მთავარი ბინადრის თანამდებობა – თავდაცვის მინისტრობა შესთავაზა აშშ-ის არმიის ვეტერანს, ტელეარხ „ფოქს ნიუსის“ წამყვანს პიტერ ჰეგსტესს, ხოლო მთავარი მზვერავის თანამდებობა – ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (GIA) დირექტორობა – ჯონ რეტკლიფს, რომელიც ადრე პროფილური უწყების – ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად მუშაობდა. ასევე დონალდ ტრამპმა ბიზნესმენებს ილონ მასკს და ვივეკი რავასვამს (იგი პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და დროულად ჩამოშორდა რბოლას) მხარდაჭერა დაუფასა – ისინი ორივე ახალი ფედერალური უწყების – მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა.
მოამზადა სიმონ კილაძემ

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/articles/cp9zkyr9n4vo