
„ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს
ლელო – ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.
მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს.
როგორც კუპრაძემ აღნიშნა, ისინი თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
“ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია.
მე მინდა დღეს, ჩვენს ორ მთავარ გუნდთან ერთად – “ლელო – ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ამ პრობლემების მოგვარებასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს კეთილდღეობასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს ახალ საცხოვრისთან, სუფთა ჰაერთან, სწორ სოციალურ მხარდაჭერასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იმ ჯანდაცვასთან, რომელიც დღეს თბილისელებს სჭირდებათ, გამართულ ინფრასტრუქტურასთან, საცობების გარეშე ქალაქთან. ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებული თქვენს ბედნიერებასთან, თქვენს კეთილდღეობასთან და წლების განმავლობაში თითოეულ იმ კანდიდატს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვთ გამარჯვების რწმენა, კომპეტენცია და წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ის, რისიც სჯერათ, საკუთარი განათლებით, საკუთარი ბრძოლით, სამოქალაქო აქტივიზმით, საჯარო სამსახურებში მუშაობითა და ა.შ.
ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში. თბილისის თითოეულ უბანში შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.
კერძოდ, კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1.მთაწმინდა – ლანა გალდავა;
2. ვაკე – ტრადიციული ნაწილი – ვახტანგ სურგულაძე;
3. საბურთალო – ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა – რამაზ მანდარია;
4. კრწანისი – თამარ ბოყოველი;
5. ისანი – ვაზისუბანი – გიორგი სიორიძე;
6. სამგორი – ვარკეთილი – ნინო ქათამაძე;
7. სამგორი – მე-3 მასივი, ზემო პლატო – გულიკო ზუმბაძე;
8. დიდუბე – წერეთელი – ბექა ბერიძიშვილი;
9. ნაძალადევი ნახალოვკა – ნიკა ჩერქეზიშვილი;
10. ნაძალადევი – სანზონა – ქეთევან თურაზაშვილი;
11. გლდანი – ავჭალა, ზაჰესი – გიორგი რეხვიაშვილი;
12. გლდანი – კენტები – ჯუბა ლოლაძე;
13. გლდანი – მუხიანი – გრიგოლ გეგელია.
“გახარია საქართველოდან” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1. ზემო ვაკის ოლქი – ზაზა თავაძე;
2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი- სალომე კობალაძე;
3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი- როინ ქოჩორაშვილი;
4. ავლაბრის ოლქი – სოფო ხორგუანი;
5. ნავთლუღის ოლქი – ვიკა ფილფანი;
6. ქვემო სამგორის ოლქი – გიგა კაცია;
7. ზღვისუბნის ოლქი – ეკა უდესიანი;
8. ლილო ორხევის ოლქი – დაჯი კოვზირიძე;
9. ჩუღურეთის ოლქი – რუსუდან თევზაძე;
10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი – კოკა კობალაძე;
11. ლოტკინის ოლქი – ფიქრია გოგოლაძე;
12. დიღმის ოლქი – გიორგი შარაშიძე.