1. Home
  2. TOP სიახლე
  3. კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას-სალომე ზურაბიშვილი
კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას-სალომე ზურაბიშვილი

კრიზისიდან გამოსვლა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბრამდე თუ არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას-სალომე ზურაბიშვილი

640
0

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შვედეთის პრემიერისგან მიიღო წერილი, რომელშიც გამოთქმულია წუხილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეეწყვიტა „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„მინდა, გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად, რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით, რომ რეალურად, სამოქალაქო სივრცე არის ძალიან შეზღუდული და კიდევ უფრო იზღუდება და ეს რომ არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა შვედეთის სააგენტოს, „სიდას“, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო ამ ქვეყანაში, ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ. მთავრობისთვის, თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და მისი ევროპული გზის, რომ დარჩეს როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ კუთხით, ჩვენ ვაკვირდებითო დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ, რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა. ჩვენ, როგორც ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ ძალიან მკაფიო დაკვირვებას საქართველოს მდგომარეობისო, ვრჩებით როგორც დიდი მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების და ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრიზისიდან გამოსვლა არის ერთი და მხოლოდ ერთი – ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. არცერთ სხვა ფორმას, არცერთ სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ქვეყანაში დაასრულოს არა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმაც თქვეს და ანტიევროპული, როგორც ამბობენ ევროპელები. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „უცვლელია არჩევნების შესახებ „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ერთობლივი და ყველასთან შეთანხმებული პოზიცია – ჩვენ მოვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს და თუ ოქტომბრამდე არ იქნება ჩანიშნული, მაშინ ვითხოვთ ერთობლივად – საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას“.

ზურაბიშვილის განმარტებით, „ეს ორი მოთხოვნა, არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არ შეიცვლება“.

„ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ივანიშვილის წესებით, ივანიშვილის და მისი სუს-ის კონტროლის ქვეშ. ამისთვის ჩვენ მოვამზადეთ სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ჩვენს პოზიციებს და მოთხოვნებს როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.