1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში?”- Financial Times
“კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში?”- Financial Times

“კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში?”- Financial Times

124
0

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში? კურსკის ოლქში შეჭრით პოკროვსკის მიმართულება დასუსტდა“ (ავტორი – ქრისტოფერ მილერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია ზედიზედ აღწევს წარმატებებს აღმოსავლეთის ფრონტზე (დონბასში), პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ კრიტიკის შკვალი გაძლიერდა – როგორც ჯარისკაცებისა და ოფიცრების, ასევე სამხედრო ანალიტიკოსებისა და კანონმდებლების მხრიდან: კურსკის ოლქში უკრაინას თავისი სამხედრო ქვედანაყოფები არ უნდა შეეყვანა, რადგანაც ამით აღმოსავლეთის ფრონტი გაშიშვლდა და სწორედ ამიტომ მოიწევენ წინ კრემლის ჯარებიო.
დიახ, ბევრ უკრაინელს გაუხარდა კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ანაზდეული შეჭრა აგვისტოს დასაწყისში და იმედოვნებდნენ, რომ კიევის ესოდენ გაბედული გამბიტი რუსეთის გენშტაბს აიძულებდა რესურსების გადანაწილებას და აღმოსავლეთის ფრონტზე ძალთა ბალანსის კიევის სასარგებლოდ შეცვლას.

მაგრამ მოხდა პირიქით: რუსეთმა დონბასის ფრონტზე კონტრშეტევა უფრო გაამწვავა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა უკრაინის ლოჯისტიკურ მთავარ რეგიონულ ცენტრს – ქალაქ პოკროვსკს, რომლის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისათვის (პოკროვსკში განთავსებულია უკრაინის არმიის მომარაგების მთავარი ბაზა. ეს ქალაქი არის მსხვილი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი, აქ მოიპოვებენ კოქსურ ქვანახშირს – აუცილებელს უკრაინის მეტალურგიისათვის, აქვე ახლოს მდებარეობს ლითიუმის დიდი საბადოც).
კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების ანალიზი აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები პოკროვსიდან მხოლოდ 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლებამ უკვე გასცა ბრძანება მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

კიეველი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე კოვალენკო პოკროვსკსთან ახლოს შექმნილ სიტუაციას „თავდაცვის სრულ დარღვევას“ უწოდებს. „ეს რიგითი ჯარისკაცების ბრალი არ არის. ეს არის პრობლემა მათთვის, ვინც ზემოთ იღებს გადაწყვეტილებებს“, – მიანიშნა ექსპერტმა უკრაინის ხელმძღვანელობაზე.
რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ და შეშფოთებულნი არიან პოკროვსკის ირგვლივ არსებული თავდაცვის ზღუდეების სუსტი მდგომარეობით. ოფიცერი ჟენია, რომელიც უკრაინის არმიის 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს და რომელსაც ბახმუტის 9-თვიანი უმძიმესი სისხლისმღვრელი ბრძოლები აქვს გადატანილი, „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ზემოდან რეალობის შეუსაბამო არასწორ ბრძანებებს აძლევენ, ზემდგომ ორგანოებს არაადეკვატური რეაქცია აქვთ შექმნილი სიტუაციის მიმართ: „გულახდილად გეტყვით, მსგავსი რამ ადრე არ მინახავს. პოკროვსკთან ყველაფერი სწრაფად ირღვევა და ვფიქრობ, ეს ქალაქი უფრო მალე დაეცემა, ვიდრე ბახმუტი“.

30 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის არმიის ნაწილებმა დაბა ნოვოგროდოვკა დატოვეს, რომელიც პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კიევის თავდაცვითი სტრატეგიის ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, შექმნილი რთული სიტუაცია მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის არმიას რეზერვები არ ჰყოფნის ესოდენ მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქის დასაცავად.

ვერხოვნა რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ, რომელიც თავდაცვის კომიტეტის წევრიც არის, თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ნოვოგროდოვკას ახლოს გადაღებული ფოტოსურათები, სადაც იგი ახლახან იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, პოკროვსკი რუსეთის არმიისათვის ფაქტობრივად უკვე ღიაა. „ქალაქის ახლოს სანგრები ცარიელია, იქ ჯარისკაცები არ არიან. ოციათასიანი პოკროვსკი დაუცველია“, – წერს იგი სოციალურ ქსელში და მკაცრად აკრიტიკებს არმიის სარდლობას.

თავის მხრივ, ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა პოკროვსკის მისადგომების გასამაგრებლად, არმიის ქვედანაყოფები უზრუნველყოფილნი არიან საბრძოლო მასალებით და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით“. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ეთანხმება თავის სარდალს და ამბობს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ პოკროვსკთან ახლოდ რუსეთის არმიის შეტევა მნიშვნელოვნად შესუსტდა, ანუ უკრაინის არმიის ოპერაცია გამართლებულია – რუსეთმა ძალები კურსკში გადაისროლაო.

სინამდვილეში კი რა ხდება? რუსები წინ უფრო სწრაფად მიდიან, ვიდრე წინა თვეებში, სანამ უკრაინელები კურსკის ოლქის სუჯას რაიონში შეიჭრებოდნენ. „პოკროვსკთან ახლოს, ნოვოგროდოვკასთან სრული ქაოსია გამეფებული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსებმა პრაქტიკულად ერთი დარტყმით დაიკავეს ოცამდე სოფელი და დაბა, მათ შორის ნიუ-იორკიც, რომელიც საკმაო ხანს იყო უკრაინის არმიის საყრდენი“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი რომან პოგორელი, ანალიტიკურ ჯგუფ Deep State-დან, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან აქვს კავშირები.

როგორც ლონდონში მდებარე საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რობ ლი განმარტავს, რუსეთის წარმატება დონბასში გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის არმიას გამოცდილი ქვეითები არ ჰყოფნის – კიევმა ისინი პოკროვსკის მისადგომებიდან მოხსნა და კურსკის ოლქში შესაჭრელად გამოიყენა. „უკრაინას რაც კი რეზერვები ჰქონდა, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრების სახით, ყველა კურსკის ფრონტზე გადაისროლა და ახლა დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე გაჩენილი ხვრელების ამოქოლვას სასწრაფოდ ახალწვეულებით, გამოუცდელი ჯარისკაცებით ცდილობს, რომლებმაც არ იციან როგორ იმოქმედონ რეალურ ბრძოლაში“, – ამბობს რობ ლი „ფაინენშელ თაიმს“-თან საუბარში.

„ახალბედები გაოგნებულები არიან“, – აღნიშნავს უფროსი ლეიტენანტი, რომლის ქვედანაყოფი პოკროვსკთან ახლოს არის განლაგებული, – ამიტომაც ისინი რუსების პირველივე შემოტევისას და პირველივე აფეთქების ხმის გაგონებისას უკანმოუხედავად გარბიან“.

საარტილერიო ქვედანაყოფის ჯარისკაცებიც ჩივიან, რომ ჭურვები არ ჰყოფნით და ცეცხლის ინტენსიურობის მხრივ ისინი სერიოზულად ჩამორჩებიან რუსებს. „ჭურვები დაგვიანებით და ცოტა მოაქვთ. სწრაფად გვითავდება. მესმის, რომ საბრძოლო მასალებით უპირველესად კურსკის ოლქში შეჭრილი მეომრები მარაგდებიან, მაგრამ აქაც რომ აუცილებლად გვჭირდება?, – კრიტიკულად არის განწყობილი ქვემეხის ეკიპაჟის მეთაური.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, რომ რუსებს მართლაც აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, რომელიც განმტკიცებულია ავიაციით, დრონებითა და საარტილერიო საშუალებებით. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი ამბობს (იგი ჯარში მსახურობს და ამჟამად ფრონტზე იმყოფება), პოკროვსკის აღებასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა უკრაინის არმიის მთელი სამხრეთის დაჯგუფება გაანადგურონ.

„და ამ დროს პოკროვსკის მერია, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის ზღუდეები გაამაგროს, ქალაქში ყვავილების დარგვით [და ასფალტის დაგებით] არის დაკავებული. ამ ყველაფერს, რაც აშკარად გასაგებია სანგარში მჯდომი ჯარისკაცისათვის, სარდლობა ვერ ამჩნევს ან არ სურს დაინახოს. რა შეიძლება გაკეთდეს ახლა პოკროვსკისათვის? ერთადერთი ვარიანტია რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა. ვფიქრობ, რომ ქალაქი მალე არსებობას შეწყვეტს“.

Frontelligence Insight-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინის არმიის სარდლობას ჯერ კიდევ შეუძლია ფრონტის ხაზის გამაგრება და დონბასში, პოკროვსკთან სხვა ადგილებიდან ჯარების თავმოყრა. ცხადია, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთს გზა გაეწმინდება საოლქო ცენტრ დნიპროსაკენ (ყოფ. დნეპროპეტროვსკისაკენ), რომელიც უკრაინის სიდიდით მე-4 ქალაქს წარმოადგენს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: