1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ “მაქსიმას” – “ქცევის უმაღლეს პრინციპს” – ივიწყებს“- The Daily Telegraph
“კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ “მაქსიმას” – “ქცევის უმაღლეს პრინციპს” – ივიწყებს“- The Daily Telegraph

“კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ “მაქსიმას” – “ქცევის უმაღლეს პრინციპს” – ივიწყებს“- The Daily Telegraph

272
0

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „კრემლი თავისი უგუნურობით ნაპოლეონისეულ „მაქსიმას“ – „ქცევის უმაღლეს პრინციპს“ – ივიწყებს“ (ავტორი – ოუენ მეთიუზი). „რუსეთის მცდელობები ნატოს წევრებს შორის უნდობლობის დასათესად უკუშედეგს იწვევს: კრემლის ქცევით ალიანსს ახსენდება, თუ ვინ არის მისი ჭეშმარიტი მტერი“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

„არასოდეს ხელი არ უნდა შეუშალოთ მტერს შეცდომის დაშვებაში“ – ამბობდა ნაპოლეონი. ბოლო დროს რუსეთის მოქმედება სწორედ ისეთია, რომელიც სავსებით თავსდება ბონაპარტის შეგონებაში: კრემლი შეცდომას უშვებს, როცა თავისი დრონებითა და თვითმფრინავებით მეზობელი ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევს. მას ხელს არ უშლიან და შეცდომის გამეორებას ელოდებიან, რომ პასუხი გასცენ.
იმის ნაცვლად, რომ ევროპელ მოწინააღმდეგეებში შიში და ძრწოლა დათესოს, ვლადიმერ პუტინი თავისი წვრილმანი ხულიგნობით პირუკუ შედეგს იღებს – ნატოს წევრები ივიწყებენ თავიანთ უთანხმოებას ერთმანეთის მიმართ და კოლექტიურად გამოდიან კრემლის წინააღმდეგ, ანუ პუტინის მოქმედება ახსენებს ალიანსის წევრებს, თუ რა მიზნით არის შექმნილი ჩრდილოატლანტიკური ბლოკი.
ავიღოთ, მაგალითად, პოლონეთი, რომლის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ პერმანენტულად უარესდებოდა იმ მომენტამდე, სანამ რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეს დაარღვევდნენ. ამ ინციდენტამდე სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკი აცხადებდა, რომ უკრაინის მიღება ევროკავშირში და ნატოში ნაადრევია და, საერთოდ, მიზანშეწონილი არ არის, რადგან რუსეთთან კონფლიქტის რისკები მატულობსო. სხვათა შორის, სწორედ ეს არის ვლადიმერ პუტინის საკვანძო მოთხოვნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ (და ომის დაწყების მიზეზიც), ანუ ნავროცკის განცხადება ზუსტად ჯდებოდა კრემლის სურვილებში. გარდა ამისა, ვარშავის ხელისუფლების სხვა გადაწყვეტილებებსაც მეტ-ნაკლებად ჰქონდა „პრორუსული შეფერილობა“ – მაგალითად, უკრაინელი ფერმერების პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა, უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოციალური დახმარებების შემცირება…

და როგორც კი რუსული დრონები პოლონეთის ცაზე გამოჩნდნენ, ვარშავა იძულებული გახდა ისევ გადაედგა მწვავე ანტირუსული ნაბიჯები: გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ კრემლის დელეგაციის გასაგონად ასე განაცხადა: „გაფრთხილებთ: თუ კიდევ ერთი თქვენი რაკეტა და დრონი ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრება – სპეციალურად თუ „შეცდომით“ – ჩვენ მას აუცილებლად ჩამოვაგდებთ და საპასუხო ზომებს მივიღებთ. ამიტომ წინასწარ გეუბნებით: ნუ დაიწყებთ გაეროში საჩივრების წერას და განცხადებების გაკეთებას“.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე სტუბმა კი უფრო მკაფიოდ განაცხადა: „უკრაინის უსაფრთხოების დაცვისათვის ნატოს სამომავლო გარანტიები იმით უნდა გამოიხატოს, რომ თუ რუსეთი ისევ ომს დაიწყებს, ალიანსმა უკან არ უნდა დაიხიოს და რუსეთს ომი უნდა გამოუცხადოს“. რუსებმა, თავის მხრივ, პარიზში აკრედიტებული ელჩის ალექსი მეშკოვის პირით, განაცხადეს, რომ თუ ნატო მართლაც ჩამოაგდებს რუსულ თვითმფრინავს, ომი მართლაც გარდაუვალი იქნება.
ალბათ, შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო, როცა რუსულმა სამხედრო ავიაციამ ამას წინათ ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია – რუსეთის რამდენიმე ავიაგამანადგურებელი ბალტიის ზღვის აკვატორიაში, ესტონეთის ტერიტორიული წყლების ზემოთ საჰაერო სივრცეში, 14 წამის განმავლობაში იმყოფებოდა. კიდევ კარგი, რომ 14 წამი ძალიან მცირე დროა ნატოს მხრიდან საპასუხო ზომების მისაღებად (თვითმფრინავების ჩამოსაგდებად), თორემ ინციდენტი, დიდი რისკით, ნატო-რუსეთის არასასურველ დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა. იმიტომ, რომ ბალტიის ქვეყნებს [ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას] თავიანთი ავიაგამანადგურებლები არ ჰყავთ და მათ საჰაერო სივრცეში გერმანიის, რუმინეთისა და თურქეთის კუთვნილი თვითმფრინავები პატრულირებენ.

გაუგებარია, რისი მიღწევა უნდა კრემლს მსგავსი წვრილმანი „ხულიგნობებით“. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი, ჩვეულებრივად, მსგავს დარღვევებს არასოდეს არ აღიარებს, იბადება კითხვა – რა მიზანი აქვს ვლადიმერ პუტინს? სავარაუდო პასუხი ასეთი შეიძლება იყოს: რადგან რუსეთის მთავრობას ბოლო დროს სერიოზული პრობლემები შეექმნა მოსახლეობის საწვავით უზრუნველყოფაში (უკრაინული დრონების მიერ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაზიანების შედეგად), პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს რუსებს სიტუაცია ისე წარმოუდგინოს, რომ ქვეყანა ნატოსთან ომის მდგომარეობაში იმყოფება და სიძნელეებს უნდა გაუძლონ.

რუსები თავიანთი სახელმწიფო ტელეკომპანიების გადაცემებში ყოველდღიურად ისმენენ ევროპელი პოლიტიკოსების ანტირუსულ აგრესიულ განცხადებებს, განსაკუთრებით ექსტრემისტულად განწყობილი პირების მხრიდან – მაგალითად, ლიეტუვის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პირდაპირ ამბობს, რომ თუ მოსკოვი კვლავ დაარღვევს ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს, ალიანსმა რუსეთის ტერიტორია გერმანული წარმოების რაკეტით „ტაურუსით“უნდა დაბომბოსო.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვლადიმერ პუტინი ბოღმიანი და პატივმოყვარე ლიდერია, იგი, ალბათ, გაცოფდებოდა, თუ ნატო მართლაც ესროდა რუსეთის თვითმფრინავს ან ბალტიის ზღვაში მცურავ რუსულ გემს გასაჩხრეკად გააჩერებდა. მაგრამ კრემლმა კარგად იცის თავისი სისუსტეები და სწორედ ამიტომ ის პროვოკაციები, რომლებსაც ის ახორციელებს, წვრილმანი და ხულიგნურია. საეჭვოა, რომ ეს ყველაფერი რეალური ესკალაციის გამოსაწვევად კეთდება.

ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მისი მხრიდან იარაღის ჟღარუნი ევროპას აშინებს, თანაც იმ დროს, როცა თეთრმა სახლმა უკრაინის მიმართ თავისი სამშვიდობო პასუხისმგებლობა მოიხსნა და ევროპას გადააბარა. მაგრამ კრემლი შეცდომას უშვებს: რუსების მიერ იარაღის ჟღარუნის გამო ნატოს წევრები ერთმანეთის მიმართ შიდა უთანხმოებას ივიწყებენ – ევროპელებს ახსენდებათ, თუ ვინ არის მათი ჭეშმარიტი მტერი და მოწინააღმდეგე.

წყარო: