1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კოალიციაზე წინასწარ საუბარი მომავალი თავისუფალი არჩევნების ჩარჩოში ჩასმის მცდელობაა” – არჩილ თალაკვაძე
“კოალიციაზე წინასწარ საუბარი მომავალი თავისუფალი არჩევნების ჩარჩოში ჩასმის მცდელობაა” – არჩილ თალაკვაძე

“კოალიციაზე წინასწარ საუბარი მომავალი თავისუფალი არჩევნების ჩარჩოში ჩასმის მცდელობაა” – არჩილ თალაკვაძე

160
0

კოალიციაზე წინასწარ საუბარი არის ერთგვარად მომავალი თავისუფალი არჩევნების ჩარჩოში ჩასმის მცდელობა, როგორი იქნება ახალი პარლამენტი მომდევნო წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე, თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნებით საზოგადოება იღებს გადაწყვეტილებას და ვერცერთი სხვა ადამიანი საზოგადოების ნაცვლად ვერ იტყვის, ვინ იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც თანამოქალაქეები ჩააბარებენ მომავალზე პასუხისმგებლობას.

არჩილ თალაკვაძეს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ France 24-თან მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტმა განაცხადა: „2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, შესაძლოა, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია“.

„სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას იყო მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავალი პოლიტიკური პროცესისთვის, რომ ის იქნებოდა ზეპარტიული არჩეული თანამდებობის პირი, ხელს შეუწყობდა საქართველოს ევროინტეგრაციას, საქმიანი პოლიტიკის დამკვიდრებას, პარტიებს შორის თანამშრომლობას, ახლა უკვე ვხედავთ, რომ ის არჩევნები თურმე არ ყოფილა მნიშვნელოვანი. მომავალში რომ უნდა ჩატარდეს, ის არის გარდამტეხი. არ ვიცი, რომელ პარტიასთან შეიძლება, გაერთიანდეს, ცხადია, მარტივი დაკვირვებითაც ჩანს, რომ მოლაპარაკებები მიდის ოპოზიციის შიგნით, რადგან ოპოზიციას არ აქვს საკუთარი თავის იმედი, არ ჰყავს მომავლის ლიდერები, არ აქვთ მომავლის დღის წესრიგი და ასევე ეშინია იმ ევროპული ბარიერის, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაში არის ჩადებული. ვინ ვისთან გაერთიანდება, დავიცადოთ, ამის წინასწარ პროგნოზირება ძალზედ უმადური საქციელია.

პრეზიდენტი ეხმარება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი განცხადებებით და იმ დაუსაბუთებელი კრიტიკით, რომელსაც აკეთებს ჩვენთან დაკავშირებით და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა პოლიტიკურად რომელ პარტიაში შევა, თუ ვისთან ერთად გაერთიანდება, ამის წინასწარ პროგნოზირება არ იქნება სერიოზული“, – განაცხადა თალაკვაძემ.