1. Home
  2. TOP სიახლე
  3. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს

78
0

„კოალიცია ცვლილებისთვის” ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს ღია წერილით მიმართავს.

წერილში ნათქვამია, რომ საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე.

„ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს და პარლამენტს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების მთავრობებსა და პარლამენტებს, ძვირფასო საქართველოს მეგობრებო, ჩვენ, პროევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი კოალიციის ლიდერები, გწერთ ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში – მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის მიერ სახელმწიფოს მტრებად ცხადდებიან საქართველოში დემოკრატიის დამცველები და ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ღირებულებების ერთგული ძალები.

დღეს პრაქტიკულად ყველა პროდასავლელ პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში სახელმწიფოს წინააღმდეგ „საბოტაჟში” ედება ბრალი. ბოლო დღეებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს სისხლის სამართლის საქმეების წარმოება თითქმის ყველა ძირითადი პოლიტიკური ლიდერისა და ოპოზიციური ფიგურის წინააღმდეგ.

აღნიშნული, შიდა პროპაგანდით, „სუვერენიტეტის დაცვად” არის წარმოდგენილი, რეალურად კი შეტევაა საქართველოს ევროპულ მომავალზე. დღეს, როდესაც „ქართული ოცნების” რეჟიმი ქვეყნის მთავარი პროდასავლური პოლიტიკური ძალების – „ახლის”, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „ლელოს” აკრძალვას ცდილობს და სახელმწიფო ინსტიტუტები რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ხელში რეპრესიების იარაღადაა ქცეული, საქართველო დგას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის უმძიმესი მორალური გამოცდის წინაშე”, – აღნიშნულია ღია წერილში.

წერილის ავტორები დასავლელ პარტნიორებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

„მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს – ევროკავშირს, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს დამკვიდრებული დემოკრატიული ღირებულებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები. სიმბოლური ქმედებების დრო ამოიწურა. ახლა საფრთხის ქვეშ დგას თავად თავისუფლების სანდოობა.

სწორედ ამიტომ ჩვენ მოგიწოდებთ:

1. პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ დეფაქტო ოფიციალური პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლო მანიპულაციებზე და რუსეთთან თანამშრომლობაზე;

2. MEGOBARI Act-ის მიღება აშშ-ის სენატის მიერ, როგორც ძლიერი სიგნალი ქართველი ხალხის პროდასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად;

3. ყველა პოლიტიკური და ფინანსური ჩართულობის შეჩერება რეჟიმთან, ვიდრე არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, არ შეწყდება რეპრესიები და არ აღდგება კონსტიტუციური წესრიგი;

4. საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც ქართველი ხალხის ევროპული ნების ლეგიტიმური წარმომადგენლებისა.

საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპას არ შეუძლია, კარი გაუღოს რუსეთით მართულ ავტოკრატიას. რაც დღეს ხდება თბილისში, ხვალ მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს მის საზღვრებს მიღმაც. თავისუფლების ბედი შავი ზღვის რეგიონში და დემოკრატიული სამყაროს მორალური ძალა ახლა იმაზეა დამოკიდებული, დაგვიცავს თუ არა ჩვენი საერთო პრინციპები ისეთივე სიმტკიცით, როგორსაც ისინი იმსახურებენ.

მადლობა მეგობრობისთვის, სოლიდარობისთვის და, განსაკუთრებით, მადლობა თქვენი გამბედაობისთვის, დადგეთ ქართველი ხალხის გვერდით ამ ისტორიულ დროს”, – ნათქვამია წერილში.