1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “კირ სტარმერმა უნდა იკითხოს – რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?”-The Daily Telegraph
“კირ სტარმერმა უნდა იკითხოს – რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?”-The Daily Telegraph

“კირ სტარმერმა უნდა იკითხოს – რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?”-The Daily Telegraph

112
0

ბრიტანულ პრესაში აქტიურად განიხილება ლონდონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ახალი შენობის დანიშნულებასთან დაკავშირებული სკანდალი. საქმე ეხება სიტუაციას „ცისქვეშეთის“ დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობასთან მიმართებით: არის ეჭვები, რომ პეკინი საელჩოს შენობის რეკონსტრუქციას „საიდუმლო გეგმის“ მიხედვით ახდენს და დამატებით მშენებლობას აწარმოებს, ანუ სხვაგვარად თუ ვიტყვით, „ზემოთ რაც არის, ერთი იმხელა მიწაში იქნება“.

გთავაზობთ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიას სათაურით: “კირ სტარმერმა უნდა იკითხოს – რად უნდა ჩინეთს თავის ახალ საელჩოში 208 მიწისქვეშა სათავსო?”.

„ჩინეთის ახალი „სუპერ საელჩოს“ მშენებლობა ლონდონის ცენტრში საკმაოდ დიდი ხნის ისტორიას წარმოადგენს, რომელიც ბურუსითაა მოცული. 2018 წელს პეკინმა სამეფო ზარაფხანის შენობა 255 მილიონ გირვანქა სტერლინგად იყიდა. მართალია, ეს ფაქტი საჯაროდ არ გახმაურებულა, მაგრამ ჩვენს გაზეთს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ჩინელმა დიპლომატებმა განაცხადეს, შენობა ჩვეულებრივ დიპლომატიურ ფუნქციას შეასრულებს, მაგრამ როცა მისი გეგმა ცნობილი გახდა, აღმოჩნდა, რომ შენობის ქვეშ თურმე ფართო კომპლექსი აშენდება, თანაც დანიშნულებისა და ფუნქციის აღნიშვნის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ გეგმა საიდუმლოა.
„დეილი ტელეგრაფმა“ საკითხი გამოიკვლია და პეკინის გეგმების ჭეშმარიტი მასშტაბები საზოგადოებას გააცნო: ჩვენს მიერ მოპოვებულ გეგმაზე ნაჩვენებია, რომ შენობის მიწისქვეშა ნაწილი 208 სათავსოს მოიცავს, აღჭურვილს თანამედროვე ტექნოლოგიური ატრიბუტიკით (ვენტილაციით, ვიდეოკამერებით და სხვადასხვა აპარატურით). საინტერესოა, რომ ოთახები განლაგებულია ისეთ ადგილზე, რომლის ახლოს გაყვანილია ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კაბელები, რომელთა მეშვეობით გადაიცემა ფინანსური მონაცემები „ლონდონი-სითიდან“, აგრეთვე ხდება ინფორმაციის გაცვლა ინტერნეტის მილიონობით მომხმარებლებს შორის.

ჯერ კიდევ ჩვენს მიერ მოპოვებულ მამხილებელ ფაქტებამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთს ფარულად რაღაც აქვს ჩაფიქრებული – გასულ წელს MI5-მა (Military Intelligence) კონფიდენციალურად გამოაქვეყნა „გაფრთხილება ჯაშუშობის თაობაზე“, რომელიც პარლამენტის წევრებს დაეგზავნათ. თავის მხრივ, აშშ-მაც ურჩია დიდ ბრიტანეთს, რომ უარი ეთქვათ ჩინეთისათვის წარდგენილი გეგმის დამტკიცების თაობაზე იმ მიზეზით, რომ საელჩო შეიძლებოდა „ჯაშუშთა ბუნაგად“ გადაქცეულიყო, მიმართული დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ.

მართალია, მშენებლობის ნებართვა ჯერ არ არის გაცემული, მაგრამ მოსალოდნელია, რომ კირ სტარმერი მას მწვანე შუქს აუნთებს პეკინში დაგეგმილი ვიზიტის წინ – მიმდინარე თვის ბოლოს. ისმება სრულიად მკაფიო კითხვა: რატომ?

ლეიბორისტული პარტიის 2024 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო დაპირება, რომ მთავრობა რიგ ზომებს მიიღებდა და ჩინეთთან ურთიერთობის რევიზიას მოახდენდა. სამწუხაროდ, ფართო დაპირება შეიკვეცა და უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაში მისი მხოლოდ ორი აბზაცი შევიდა. უფრო მეტიც – გასულ წელს დააკავეს ორი პიროვნება, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ, მაგრამ მათ მიმართ აღძრული საქმე ჩაიშალა – მთავრობის ჩინოვნიკებმა უარი თქვეს ფიცის ქვეშ მიეცათ ჩვენება, რომ ჩინეთი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ მოქმედებას ახორციელებს.

დიდი ბრიტანეთი ამჟამად ეკონომიკურ ვარდნას განიცდის. კირ სტარმერი ახალ ინვესტიციებს და ინვესტორებს ეძებს. ჩინეთი სარგებლობს სიტუაციით და დიდ ბრიტანეთს ნელ-ნელა „მთლიანად ყიდულობს“ – ბრიტანული პროდუქცია მწარმოებელ კომპანიებიანად მიაქვს, რაც ჩვენთვის საზარალოა. ლონდონი პეკინის მიმართ მოწყვლადი ხდება: ჩინეთს ხელში კარგი ბერკეტი უვარდება თავისი გავლენის განსახორციელებლად.

კირ სტარმერი აშკარად თვლის, რომ ბრიტანეთმა ჩინური ინვესტიციები უნდა მიიზიდოს. გასაგებია, რომ ინვესტიციები საჭიროა, მაგრამ იმავდროულად მას არ უნდა მოერიდოს და პეკინს კითხვებიც უნდა დაუსვას: რად უნდა ჩინეთის საელჩოს მიწისქვეშ 208 სათავსო? რისთვის უნდა გამოიყენოს „საიდუმლო ოთახები“, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებთან ახლოს არიან განლაგებულები? და თუ „ცისქვეშეთის“ საელჩო მაინც ააშენებს თავის „მიწისქვეშეთს“, რას მოიგებს ამით დიდი ბრიტანეთი?

მოკლედ, მთავრობამ არ უნდა „აუნთოს მწვანე შუქი“ ჩინეთის საეჭვო გეგმებს მანამდე, სანამ გაჩენილ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხები არ იქნება გაცემული.

წყარო: