
ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს, ვერ დაბრუნდებიან, ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება აქვთ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევთ -გიული ავალიშვილი
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გიული ავალიშვილმა თავისი ძმის კლინიკაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა.
როგორც ავალიშვილმა აღნიშნა, კლინიკის დერეფანი ბადრაგით იყო სავსე და იმის უფლებაც არ ჰქონდა, დიალიზზე მყოფი ძმისთვის საჭმელი მიეტანა.
„ღუდუშაურის კლინიკაში ჰყავდათ ორი-სამი კვირა, ძალიან მძიმედ იყო. ხომ შემეძლო, როგორც პატრონს, იქ მაინც მიმეტანა საჭმელი, რაც შეიძლებოდა დიალიზზე მყოფი ავადმყოფისთვის. სადაც იწვა, იმ პალატამდე დერეფანში რომ გამევლო, იმის შიშიც კი მქონდა, ბადრაგით იყო სავსე. ვინმე თუ იცნობდა, არ უნდა გამევლო იქ. გავლაც კი არ შემეძლო, რომ კარი თუ იქნებოდა ღია, შორიდან დამენახა ჩემი ძმა. რომელ საჭმელზეა საუბარი? იმ ხელისუფლების მეთაურს საკუთარი დედა აწვდის საჭმელს, მე რატომ არ შემეძლო? არ მომცეს უფლება, მიმეტანა საჭმელი ჩემი ძმისთვის და დღეს ის ცოცხალი ყოფილიყო. საკვების შეტანის უფლებას არანაირად არ გვაძლევდნენ. მერეც, კვირაში სამი დღე დაჰყავდათ ღუდუშაურში და შემდეგ – გაგუას კლინიკაში და იქაც არ შეგვეძლო, ახლოს მიკარების უფლება არ გვქონდა. ეზოში ვიდექით და უნდა დაგვენახა, მანქანიდან რომ ჩამოიყვანდნენ. სიარული არ შეეძლო და ერთი სართულით ქვემოთ ლიფტით ჩაჰყავდათ. ვხედავდი, ჩემი ძმა ხელიდან მეცლებოდა, მაგრამ შველა არ შემეძლო. რატომ არ შემეძლო? ხომ იყო ქვეყანა, ხომ უნდა ყოფილიყო სამართალი?“ – განაცხადა გიული ავალიშვილმა.
როგორც კომისიის სხდომაზე გიული ავალიშვილმა აღნიშნა, „სისხლიანი რეჟიმი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება“.
„ძალიან გამწარებული ვარ ჩემს ყოფილ პრეზიდენტზე, რომელიც ვითომ მე ავირჩიე. ხელისუფლებაში მოსვლა უნდა სისხლიან რეჟიმს – ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ან როგორ ითხოვენ, მორალური უფლება აქვთ? რამდენი უდანაშაულო ადამიანის ცოდვა ადევს მათ ზურგს, ამ ცოდვებს ვერასოდეს მოინანიებს, მაგრამ პირადად მე, როგორც ჭეშმარიტი ადამიანი, მაინც ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ. მინდა, გამცეს პასუხი, რატომ მომიკლა მისმა რეჟიმმა უდანაშაულო ძმა? მხოლოდ ჩემი ძმა არ იყო ეს, ჩემი ძმის მსგავსი ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი დედა არის ატირებული, ბევრი ოჯახი ისეა ამოწყვეტილი, როგორც ჩემი ოჯახი. მას გვარის გამგრძელებელი არ დარჩა, მომისპო ძმა, რატომ? მინდა მიპასუხოს“, – განაცხადა გიული ავალიშვილმა.