კამალა ჰარისი ესაუბრება დონალდ ტრამპს როგორც პროკურორი კრიმინალს -ავთანდილ წულაძე
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიიღო მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის დელეგატებისა და სპონსორების უმრავლესობისგან. საკითხი, რომ ის ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად შეცვლის, პრაქტიკულად გადაწყვეტილად ითვლება. ჰარისი ოფიციალურად დამტკიცდება აგვისტოს დასაწყისში დემოკრატიული პარტიის დელეგატების ონლაინ კენჭისყრის დროს.
მანამდეც კი, სანამ ჰარისი ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი გახდებოდა, მასსა და ტრამპს შორის სიტყვიერი დუელი დაიწყო. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისთვის კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის. ყოფილი პროკურორი კამალა ჰარისი ვალში არ დარჩა და თქვა, რომ მას აქვს თაღლითებთან, ქალების მოძალადეებთან მუშაობის დიდი გამოცდილება – დონალდ ტრამპის მსგავსი ტიპის ადამიანებთან.
ჰარისის პროკურატურის გამოცდილებამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს საარჩევნო კამპანიაში. კამალა ჰარისი კრიმინალების დაკითხვის პროფესიონალია და წარმატებით იყენებს თავის უნარებს პოლიტიკურ დისკუსიებში. ჰარისმა იცის როგორ ამხილოს მატყუარები და კრიმინალები და ფაქტებით დაამტკიცოს მათი დანაშაული. დონალდ ტრამპზე პირველი სიტყვიერი თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ კამალა ჰარისის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება პროკურორის როლი, რომელიც ბრალს სდებს კრიმინალს დონალდ ტრამპს. მოგახსენებთ რომ ტრამპის წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ამერიკელმა პოლიტოლოგმა მაიკლ მაკფოლმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ტრამპი უარს იტყვის ჰარისთან დებატებზე, რადგან ჰარისის ეშინია. ერთი შეხედვით გასაკვირი შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ჰარისის უნარი აწარმოოს მკაცრი სამართლებრივი დისკუსიები და დაკითხვები სერიოზულ პრობლემას უქმნის ტრამპს, რომელიც თავის გამოსვლებს აფუძნებს ოპონენტების დაუსაბუთებელ და ხშირად ცრუ ბრალდებეზე და ეყრდნობა საზოგადოების ემოციურ რეაქციას.
ვიცე-პრეზიდენტის არჩევაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგზე. ტრამპმა ვენსი აირჩია, მაგრამ ეს არჩევანი წარმატებულად ვერ ჩაითვლება. ვენსი, თავისი შეხედულებებითა და პიროვნული მახასიათებლებით, ტრამპის ახალგაზრდა ასლია. ვენსი ტრამპს მეტ ხმას არ უმატებს. თუ დონალდ ტრამპი ნიკი ჰეილის აირჩევდა ვიცე-პრეზიდენტად, ეს ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იქნებოდა. ფაქტია, რომ ჰეილის მხარს უჭერენ ამომრჩევლები, რომლებიც იცავენ რესპუბლიკური პარტიის უფრო ტრადიციულ შეხედულებებს. ჰეილის ამომრჩევლები უფრო განათლებულები და შეძლებულები არიან. ისინი არ უჭერენ მხარს ტრამპს, მაგრამ ჰეილის ხმას მისცემდნენ როგორც ვიცე-პრეზიდენტს. თუმცა, ტრამპმა ვერ გაბედა ჰეილის არჩევა, რადგან ის თავისი პრინციპებითა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევა.
ვინ გახდება საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის ვიცე-პრეზიდენტი, ჯერ კიდევ ღია საკითხია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ კამალა ჰარისი შავკანიანი ქალია, მას ვიცე-პრეზიდენტად თეთრკანიანი მამაკაცი მოუხდება. მაიკლ მაკფოლის თქმით, სენატორი მარკ კელი კარგი კანდიდატია. ყოფილი ასტრონავტი, სამხედრო, თეთრი მამაკაცი. კელი 60 წლისაა, რაც პოლიტიკისთვის „ახალგაზრდა“ ასაკად შეიძლება ჩაითვალოს.
ამ საარჩევნო კამპანიაში ასაკობრივი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს. სწორედ მისი ასაკის გამო გააკრიტიკეს ჯო ბაიდენი, რომელიც აიძულეს უარი ეთქვა საპრეზიდენტო ნომინაციაზე. კამალა ჰარისი 59 წლისაა. ის უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ძალიან ენერგიული და მიზანდასახული ქალია.
დონალდ ტრამპი 78 წლისაა. ის თითქმის 20 წლით უფროსია თავის მოწინააღმდეგე კამალა ჰარისზე. ჰარისს უკვე შეუძლია ისრების სროლა ტრამპისკენ მისი ასაკის გამო. ჯ. დ. ვენსი მხოლოდ 39 წლისაა. ის ამ არჩევნებში ამ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. მაგრამ მას ტრამპის შემცვლელის როლი ენიჭება.
ტრამპზე წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის შემდეგ, „დუბლიორის“ საჭიროება განსაკუთრებით აქტუალური გახდა. არ არის გამორიცხული, რომ იყოს ახალი მცდელობები. ამ არჩევნების დროს ყველაზე ფანტასტიკური ვარიანტების გამორიცხვა შეუძლებელია.
პარადოქსულია, მაგრამ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობამ დიდი გავლენა მოახდინა დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, მოეხდინა ზეწოლა ჯო ბაიდენზე, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. ტრამპის რეიტინგი მკვლელობის მცდელობის შემდეგ გაიზარდა და მას გმირის მანტია აკრავს. ტრამპის ამომრჩევლები მის გარშემო კიდევ უფრო მჭიდროდ გაერთიანდნენ.
ამ პირობებში, ჯო ბაიდენს, რომელიც ასევე დამარცხდა დებატებში დონალდ ტრამპთან, არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი ჰქონდა. პენსილვანიაში სროლამ მკვეთრად შეცვალა საარჩევნო კამპანიის ნარატივი.
ტრამპის მკვლელობის მცდელობის ირგვლივ აჟიოტაჟის გავლენით, ბევრი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება გარანტირებულია. მაგრამ ეს შორს არის სიმართლისგან. პოლიტიკური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, მკვლელობის მცდელობა ძალიან ადრე მოხდა. 5 ნოემბრამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და ამ მოვლენის ეფექტი შეიძლება იქამდე აორთქლდეს და სხვა ამბებით დაიჩრდილოს.
რაც შეეხება ტრამპის „გმირულ“ იმიჯს, ყოფილი პროკურორი ჰარისი შეეცდება გააქარწყლოს ტრამპის „გმირობა“ და დაარწმუნოს ამერიკელები, რომ მისი ოპონენტი არის თაღლითი, კრიმინალი და დემოკრატიის მტერი.
საპრეზიდენტო არჩევნები კამალა ჰარისის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი „სასამართლოს სხდომა“ იქნება. ჰარისის სიმკაცრეზე ლეგენდები დადის მის ყოფილ კოლეგებს შორის. კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანია იქნება აქტიური და აგრესიული. დონალდ ტრამპს ძალიან გაუჭირდება თავის დაცვა და გამარჯვებისთვის ბრძოლა, რადგან დღეისთვის გამოკითხვებით ტრამპი მხოლოდ 2% უსწრებს ჰარისს.
ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი