1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული -Reuters
ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული -Reuters

ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული -Reuters

3.35K
0

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პირველად აშშ-ის ისტორიაში – პრეზიდენტის შვილს იარაღთან დაკავშირებული კრიმინალური ბრალი წარედგინა: ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული“ (ავტორი – სარა ლინჩი და ჯარედ რენშოუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილ ჰანტერ ბაიდენს კრიმინალური ბრალი წაუყენეს, რომ მოატყუა იარაღის გამყიდველი, რათა მისთვის ცეცხლსასროლი იარაღი მიეყიდა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხდება.
დელავერის შტატის საოლქო სასამართლო მართლაც უპრეცედენტო ბრალდებებს იხილავს. ბრალდება ისეთი სკანდალურია, რომ არსებობს თითქმის სრული გარანტია იმისა, რომ სასამართლოს დარბაზში მიმდინარე განხილვა უდიდეს როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ჰანტერ ბაიდენის მამა – 80 წლის ჯო ბაიდენი ცდილობს მეორე ვადით იქნას არჩეული პრეზიდენტად და ამით კიდევ ერთი მატჩ-რევანში განახორციელოს 77 წლის კონკურენტის, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, ოთხი სისხლის სამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.
ბრალდება ხუთშაბათს, დელავერში, შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში გაფორმდა და ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამ კრიმინალურ ეპიზოდში ედება, რაც დაკავშირებულია მის ტყუილთან იმ ფაქტის შესახებ, რომ იმ დროს ის უკანონო ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაც კანონის შესაბამისად მას ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აუკრძალავდა.
ცოტა ხნის წინ დანიშნულ საგანგებო პროკურორ დევიდ ვაისის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წარმოდგენილ ახალ ბრალდებებში, ამერიკული საგადასახადო კანონის დარღვევის შესახებ არაფერია ნათქვამი. ადრინდელი შეთანხმების საფუძველზე, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს შეეძლებოდა თავი დამნაშავედ ეცნო ორ არა კრიმინალურ საგადასახადო დარღვევაზე და ჩაწერილიყო პროგრამაში, რათა იარაღთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა. ივლისში, სასამართლო მოსმენაზე ეს შეთანხმება ჩავარდა.

პროკურორებმა უმცროს ბაიდენს ბრალი დასდეს, რომ იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, როდესაც 2018 წლის ოქტომბერში „Colt Cobra” რევოლვერი შეიძინა.
ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ჰანტერ ბაიდენის უცხოურ ბიზნეს გარიგებებს შეეხება.

ამასთან, როგორც ზოგიერთი ექსპერტმა-იურისტი აცხადებს, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთან არის დაკავშირებული და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, შეიძლება სადაო გახდეს კონსტიტუციის საფუძველზე იმის შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ თავისი ცნობილი დადგენილებით გააფართოვა იარაღის ტარების უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორების საფუძველზე, რომელიც იარაღის ტარების უფლებას უზრუნველყოფს.

წყარო