1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა-ლაშა ჟვანია
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა-ლაშა ჟვანია

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა-ლაშა ჟვანია

295
0

ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა.

„ამ წუთისთვის 250 დაღუპულზე მეტი ცხადდება, ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

„საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ.