
ის, რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს -ალან ბერსე
ევროპაში უცხოური გავლენის შესახებ კანონები შემოაქვთ, ეს კანონები ორმაგი სტანდარტების გარეშე უნდა შემოწმდეს და რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, იგივენაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. სტატიის სახელწოდებაა „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“.
„მთელ ევროპაში უცხოური გავლენის შესახებ კანონები წარადგინეს. მათი განზრახვა შეიძლება, ლეგიტიმური იყოს. მაგრამ, როგორც მე ცხადი გავხადე, ეს ზომები არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკის ჩასახშობად ან სამოქალაქო სივრცის შეზღუდვისთვის.
ეს კანონები უნდა შემოწმდეს ორმაგი სტანდარტების გარეშე, განსაკუთრებით სასამართლოს მიერ. რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივენაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა თუ რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები, იქნება ეს რეალური თუ აღქმული, ანგრევს საზოგადოების ნდობას და აზიანებს ევროპის სანდოობას, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის თვალში“, – აცხადებს ბერსე.
სტატიაში ის საუბრობს ევროპის წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზეც. ბერსეს მაგალითად მოჰყავს კონსტიტუციური კრიზისი ბოსნია და ჰერცეგოვინაში, რომელიც მისი თქმით, დესტაბილიზაციით ემუქრება დასავლეთ ბალკანეთს. ასევე, გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ ადოლფ ჰიტლერი კომუნისტი იყო. ბერსეს შეფასებით, „ეს იმის შეხსენებაა, რომ ტყუილი კვლავ აბინძურებს დემოკრატიულ ცხოვრებას“.
„ამ ახალ პარადიგმაში, თავისუფლებები იზღუდება, თავად ამ თავისუფლებების დაცვის სახელით. ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს დემოკრატიული უსაფრთხოების სტრატეგია – ისეთი, რომელიც ღირებულებებს ჩვენი თავდაცვის ცენტრში დააყენებს. რადგან სწორედ ის ღირებულებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა მშვიდობა ევროპაში 800 წლის განმავლობაში, დღეს თავდასხმის ქვეშაა. ევროკავშირი მართლაც იძლევა 800 მილიარდ ევროს სამხედრო თავდაცვისთვის. დემოკრატიული უსაფრთხოება მოითხოვს იმავე სიცხადეს, სისწრაფესა და სიმტკიცეს მთელ კონტინენტზე“, – წერს ბერსე.
მისივე თქმით, ამ გამოწვევების გათვალისწინებით, საჭიროა ევროპისთვის ახალი დემოკრატიული პაქტის მიღება, რომლის პრიორიტეტიც იქნება განათლება, დაცვა, ინოვაცია.
„განათლება ნიშნავს ჭეშმარიტებისა და სიცრუის განსხვავების სწავლას. ევროპელი ახალგაზრდების 76 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო კვირაში შეხვდა დეზინფორმაციას. 42 პროცენტი სოციალურ მედიას ეყრდნობა, როგორც ინფორმაციის წყაროს. ევროპას არ შეუძლია, საზოგადოებრივი სფერო ალგორითმებს დაუქვემდებაროს. ჩვენ გვჭირდება გზის გაკვალვა ევროპის საბჭოს კონვენციისთვის დეზინფორმაციასა და უცხოურ გავლენაზე, რათა გავავლოთ მკაფიო საზღვრები გამოხატვის თავისუფლებასა და ჭეშმარიტების აუცილებლობას შორის, ლეგიტიმურ კრიტიკასა და დესტაბილიზაციას შორის. დაცვა ნიშნავს დემოკრატიის გაძლიერებას იქ, სადაც იგი უკან იხევს. ჟურნალისტებზე თავდასხმებიდან დაწყებული, დასუსტებული არჩევნებითა და პოლიტიზებული მართლსაჯულების სისტემებით დასურლებული – საფრთხის მანიშნებელი ნიშნები ყველგანაა. დემოკრატიული გამძლეობის ფონდი უზრუნველყოფდა სწრაფ მხარდაჭერას იქ, სადაც დემოკრატია იწყებს რყევას, რაც პრევენციის საშუალებას მოგვცემს. ინოვაცია ნიშნავს ჩვენი ინსტიტუტების ადაპტაციას სწრაფად მოძრავ, ტრანსსაზღვრო, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. ვერც ერთი ორგანიზაცია ვერ გაუმკლავდება ამას მარტო. „ევროპის საბჭოსა“ და „ევროპულ პოლიტიკურ გაერთიანებას“ აქვს საერთო კონტინენტი და იგივე ამბიცია. ერთს მოაქვს სამართლებრივი სტანდარტები, ინსტიტუციური გამოცდილება და ტექნიკური ექსპერტიზა; მეორეს — პოლიტიკური იმპულსი. ერთად მათ შეუძლიათ, დემოკრატიული უსაფრთხოება აქციონ ევროპულ პრიორიტეტად“, – წერს ალენ ბერსე.