
ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება – The Daily Telegraph
„იმ დროს, როცა ირანში მკაცრი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ ისრაელზე და მის მოკავშირეებზე, არის ნიშნები იმისა, რომ ღრმავდება განხეთქილება ხელისუფლებაში ექსტრემისტულ და ზომიერი პოზიციების მქონე პირებს შორის“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ირანის უმაღლესი ლიდერი ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობას აწყდება: ზეწოლა აიათოლა ალი ჰამენეიზე დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოთხოვნით“ (ავტორები – კონ კოფლინი და აჰმედ ვახდატი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ირანის ოფიციალურ პოზიციას ამჯერად ხისტი პოლიტიკის გამტარებლები აყალიბებენ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“, რომელიც ახლოს დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, ციტირებს ერთ-ერთი მაღალჩონოსნის განცხადებას, რომლის თანახმად, ომი გავრცელდება აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და რეგიონის ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც მხარს დაუჭერს ისრაელს.
ირანის რეჟიმის კრიტიკოსების ხმის ჩახშობის მიზნით ირანის უზენაესი მოსამართლე მოხსენი ეჯეიე კვირას გამაფრთხილებელი განცხადებით გამოვიდა, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელში პროისრაელურ კომენტარს განათავსებს, დაპატიმრებული იქნება 6 წლის ვადით.
და მაინც, მოსახლეობას და ზოგიერთ ოფიციალურ პირს კითხვები უჩნდებათ ქვეყნის უზენაესი ხელისუფლების მიმართ – რატომ ვერ იქნა დაცული ირანი ისრაელის ავიაშეტევისაგან იმ დროს, როცა ირანის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაზე დიდი ფული იხარჯება? რატომ იქნა პარალიზებული ირანის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა, რომელმაც ეფექტურად ვერ მოახერხა ავიაშეტევის განეიტრალება?
„სადაა ჩვენი ფართოდ რეკლამირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები?“ – დაწერა სოციალურ ქსელში ერთმა ჩინოვნიკმა, რომლსაც მხარი აუბა მეორემ – „რატომ შეუძლია ისრაელს ჩვენი სარდლების მოკვლა, ჩვენ კი ამის შეჩერება არ ძალგვიძს“?
ჰამიდ ჰოსეინის – ირანის სავაჭრო პალატის ენერგეტიკის კომიტეტის წევრის – თქმით, „ისრაელის ანაზდეულმა შეტევამ ჩვენი ხელისუფლება შოკში ჩააგდო, განსაკუთრებით სარდლებისა და ბირთვული ფიზიკის სპეციალისტების დაღუპვამ. ისრაელის შეტევამ ასევე ნათელი გახადა, რომ ჩვენი ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა დაბალ დონეზეა და, აქედან გამომდინარე, მტერს შესაძლებლობა აქვს ჩვენი სამხედრო ბაზები წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დაბომბოს“. ჰამიდ ჰოსეინმა შეშფოთება გამოხატა იმის გამოც, რომ აშკარაა – ირანის შეიარაღებულ ძალებში და უშიშროების სამსახურებში მტრის ბევრი აგენტია შეპარული.
ფაქტია, რომ ისლამური რევოლუციის ისრაელის თავდასხმის საპასუხოდ ირანმა მხოლოდ 200 რაკეტის გაშვება მოახერხა – იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის უმაღლესი ლიდერის ბრძანებით, 1000 რაკეტა უნდა გაშვებულიყო.
ისლამური რევოლუციის დაწყებისთანავე, 1979 წელს, ხელისუფლებაში ბრძოლა გაჩაღდა დასავლეთისადმი დამოკიდებულების საკითხში. გამოიკვეთა ორი ფრაქცია – ექსტრემისტები და ზომიერები. პირველები ანტიდასავლური ხისტი ხაზის იდეოლოგიური მომხრეები იყვნენ, მეორენი კი ნაკლებად კონფრონტაციულ პოზიციაზე იდგნენ. ეს იყო ქვეყნის ისლამური რეჟიმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და დამახასიათებელი ნიშანი. დროდადრო ირანელი ზომიერების გავლენა შედარებით ფართოვდებოდა, მაგრამ ზოგადად ირანში მაინც ექსტრემისტები დომინირებდნენ..
იმ დროს, როცა დღევანდელ ირანში უმაღლესი ლიდერი, რაქბარი აიათოლა ალი ჰამენეი ხისტი ანტიდასავლური პოლიტიკის გატარების უდაო მომხრედ ითვლება, პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, რომელიც ახლახანს იქნა არჩეული, რეჟიმის ზომიერ ფრთას წარმოადგენს.
ბოლო დრომდე პრეზიდენტი შედარებით მოკრძალებულად მოქმედებდა, მაგრამ ახლა მკაცრად დაგმო ისრაელის თავდასხმა და ქვეყნის მოსახლეობას დარაზმისაკენ მოუწოდა: „დღეს, როგორც არასდროს, ირანელ ერს ჭირდება ერთიანობა, ურთიერთნდობა, სიმტკიცე და კონსესნუსი“
საპრეზიდენტო არჩევნებში ზომიერი მასუდ პეზეშკიანის გამარჯვება და ხისტი ხაზის მომხრე კონსერვატორის საიდ ჯალილის დამარცხება შეფასებული იქნა როგორც თეირანის სურვილი დასავლეთის მიმართ კონსტრუქციული პოლიტიკა გაეტარებინა, განსაკუთრებით სანქციების მოხსნის მიზნით, რომელთა გამოც ირანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ზარალდება.
გარდა ამისა, ზომიერები უკმაყოფილონი არიან იმით, თუ როგორ ფანტავს რეჟიმი ფულს, ეხმარება სხვადასხვა ტერორისტულ რეჟიმებს იმის ნაცვლად, რომ ფინანსები შიდა პრობლემების გადაჭრისათვის დახარჯოს. ამას მოსახლეობაც კარგად ხედავს. ამიტომ აიათოლა ალი ჰამენეი იძულებული გახდა შემრიგებლური პოზიცია დაეკავებინა.
მასუდ პეზეშკიანი წინასაარჩევნო კამპანიის დროს დასავლეთთან „კონსტრუქციული მოლაპარაკების“ პოზიციით გამოდიოდა, ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეთანხმებისათვის, იზოლაციის შეწყვეტისათვის. პრეზიდენტი პოსტის დაკავებისთანავე შეეცადა ზომიერი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ ხისტი კურსის მომხრეთა წინააღმდეგობას შეეჯახა, რომლებიც დასავლეთთან ნებისმიერი გარიგების დადებას ბირთვულ სფეროში ქვეყნის ღალატად აღიქვამენ. ამ იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ნიშანია ის ფაქტი, რომ თანამდებობიდან მოხსნეს საგარეო საქმეთა „ზომიერი“ მინისტრი მოჰამად ზარიფი, რომელიც იმავდროულად ირანის ვიცე-პრეზიდენტიც იყო.
როგორც ცნობილი გახდა, პასუდ პეზეშკიანის უახლოესი თანამებრძოლის მოჰამად ზარიფის პოსტიდან გათავისუფლება უკავშირდება ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეთა ალიანსის განმტკიცებას ვლადიმერ პუტინთან. ზარიფი უფრო დასავლეთისკენ იხრებოდა და არ სურდა კრემლთან დაახლოება.
ისრაელის თავდასხმა ირანზე იმასაც მიანიშნებს, რომ თეირანს უკვე მცირე შანსები აქვს უახლოეს მომავალში დასავლეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს, თუმცა პარალელურად მატულობს შანსი იმისა, რომ ხელისუფლების შიგნით არსებული განხეთქილება რეჟიმს კრახამდე მიიყვანს.
დღეისათვის ხისტი კურსის მომხრეებმა თავიანთ თავზე აიღეს პასუხისმგებლობა ისრაელის მიმართ, მაგრამ რაც უფრო დიდხანს შეუტევს დაუსჯელად ისრაელი ირანის საკვანძო ობიექტებს, მით მეტი ზეწოლა იქნება კონსერვატორებზე – ისინი იძულებულნი გახდებიან ახსნან თავიანთი უუნარობა ქვეყნის დაცვაში, რომელსაც შეიძლება თვითონვე ემსხვერპლონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ