ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზად არის
ირანი აშშ-თან „სამართლიანი“ მოლაპარაკებისთვის მზად არის, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სტამბოლში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აბას არაღჩის თქმით, საკითხი არ უნდა შეეხოს ირანის თავდაცვით შესაძლებლობებს.
„მოლაპარაკებები სამართლიანი და თანასწორი თუ იქნება, ირანი მზად არის, ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.
ამასთან, აბას არაღჩის თქმით, ჯერჯერობით თეირანსა და ვაშინგტონს შორის რაიმე სახის შეხვედრა ჩანიშნული არ არის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ განაცხადა, რომ გეგმავს ირანთან დალაპარაკებას, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ირანისგან, ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმის გარდა, სარაკეტო პროგრამის შეზღუდვასაც მოითხოვს, თეირანი კი ამის წინააღმდეგია. აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზადაა როგორც მოლაპარაკებებისთვის, ასევე ომისთვის. ვაშინგტონსა და თეირანს შორის კონფტრონტაციის თავიდან ასარიდებლად დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართული არიან თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.