ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს
ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს თეირანში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდებიან და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ და რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქვეყნებს სურთ ისაუბრონ რეგიონულ საკითხებზე არარეგიონული და დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე”, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.
Reuters-ი წერს, რომ ეს არის აშკარა მინიშნება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, რომელთა ჩართულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებით გააღიზიანა მოსკოვი.
სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი თავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის მოთხოვნებმა და ყურადღების გადატანამ მისი გავლენის შესუსტება გამოიწვია.
Reuters-ი წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ე.წ. 3+3 პლატფორმა, რომლის ფორმატშიც მოლაპარაკებები პირველად 2021 წელს გამართა, საქართველოსაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ საქართველომ ადრე განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს და გუშინ ასევე განაცხადა, რომ თეირანში არ ჩავა.