
“ინდოეთმა პაკისტანს დარტყმები მიაყენა – რა იქნება შემდეგ?”-BBC
მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებს ამ დღეებში კიდევ ერთი ცხელი კერა დაემატა: საერთაშორისო მასმედიის ყურადღება ამჯერად სამხრეთ აზიისკენაა მიპყრობილი, სადაც ინდოეთისა და პაკისტანის ტრადიციული დაპირისპირება მოულოდნელად გამწვავდა სადაო ტერიტორიაზე – ქაშმირში მომხდარი სისხლიანი ინციდენტის შედეგად. ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინდოეთმა პაკისტანს დარტყმები მიაყენა: რა იქნება შემდეგ?“ (ავტორი – ანბარასან ეტირაჯანი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ინდოეთი: „ჩვენ სამართლიანად ვიქცევით…“
ინდოეთმა განაცხადა, რომ დარტყმები მიაყენა პაკისტანს და ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ქაშმირის იმ ნაწილს, სადაც ტერორისტული ცენტრებია განლაგებული. საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, როცა ორი კვირის წინ ნიუ-დელმა ისლამაბადი ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ინციდენტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პაკისტანის ხელისუფლებამ მეზობელი ინდოეთის ბრალდება უარყო.
„ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია „სინდურის“ განხორციელება და დარტყმები მიაყენეს პაკისტანის ტერორისტულ ინფრასტრუქტურას ჯამუში და ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც პაკისტანს აქვს ოკუპირებული. სწორედ იქ იგეგმებოდა ტერორისტული აქტები ინდოეთის ტეროტორიაზე“, – ნათქვამია ინდოეთის ხელისუფლების განცხადებაში.
ინდოეთის მთავრობის მტკიცებით, სარაკეტო დარტყმებით განადგურდა ცხრა სამიზნე, სადაც „ბოევიკები“ და ტერორისტები მზადდებოდნენ, თუმცა პაკისტანი უარყოფს.
„ჩვენი მოქმედება მიზანმიმართულია, აწონილ-დაწონილი და არაესკალაციური. ჩვენ არცერთი სამხედრო ობიექტი არ დაგვიბომბავს, მხოლოდ ტერორისტთა ბაზები გავანადგურეთ“, – აცხადებს ინდოეთი.
პაკისტანის მთავრობა კი აცხადებს, რომ ინდოეთის დარტყმების ქვეშ აღმოჩნდა არა ტერორისტთა ბაზები, არამედ სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობა: „ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავებმა რაკეტები პაკისტანის მიმართულებით ისე ისროლეს, რომ ისინი საკუთარ საჰაერო სივრცეს არ პაკისტანის მთავრობის პრეს-სამსახურის მტკიცებით, ინდური დარტყმების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 35 დაიჭრა, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. უფრო ადრე პაკისტანის არმიის პრეს-მდივანმა აჰმედ შარიფმა განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ერთ-ერთი რაკეტა კი მეჩეთს დაეცა.
პაკისტანი: „მზაკვარ ინდოეთს პასუხს გავცემთ…“
პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მიან-მუჰამად შაჰბაზ-შარიფმა განაცხადა, რომ ინდოეთის მტრულ გამოხდომას უპასუხოდ არ დატოვებს.
„მზაკვარმა მტერმა ვერაგული დარტყმა მიაყენა ჩვენს ხუთ ადგილს. შესაბამისად, გვაქვს სრული უფლება საკადრისი პასუხი გავცეთ. გარწმუნებთ, რომ ინდოეთი მალე იგრძნობს ჩვენს დარტყმას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მოგვიანებით პაკისტანის არმიის პრესსამსახურმა ადრე გაკეთებული განცხადების შინაარსი შეცვალა და განაცხადა, რომ ჩამოგდებულია ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების 5 თვითმფრინავი, მათ შორის სამი ფრანგული წარმოების ავიაგამანადგურებელი Rafale და ორი საბჭოური წარმოების – Су-30МКИ და МиГ-29. გარდა ამისა, პაკისტანის არმიამ, ინდოეთთან საარტილერიო დუელის დროს, ინდური ბრიგადის შტაბი გაანადგურა.
ინდოეთმა და პაკისტანმა მოსაზღვრე რეგიონებში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. სესწყდა სასწავლო პროცესი სკოლებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ბოლო დღეებში, სიტუაციის პერმანენტული გამწვავების ფონზე, ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ მოვლენები ისეთივე სცენარით განვითარდებოდა, როგორც ეს 2016 და 2019 წლებში მოხდა, როცა ინდოეთმა პაკისტანი იმ დროშიც ტერორიზმის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
კომენტარი: „დიდი და სახიფათო ავანტიურა“
ორ მეზობელ ქვეყანას შორის მომხდარი ეს მკვეთრი ესკალაცია ძალიან სახიფათოა – იმიტომ, რომ ინდოეთიც და პაკისტანიც ბირთვულ იარაღს ფლობენ. ის, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედების დაიწყებდა, პრინციპში, მოსალოდნელი იყო, მაგრამ მისი სარაკეტო დარტყმების ინტენსიურობამ პაკისტანის ტერიტორიის წინააღმდეგ ბევრი გააკვირვა.
ინდოეთი თავს იმართლებს, რომ იძულებული გახდა ტერორისტებისა და „ბოევიკების“ ცენტრები დაებომბა, პაკისტანის არმიის სამხედრო ობიექტების განადგურება კი მის მიზნებში არ შედიოდა.
ორივე მხარე თვლის, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და არ დაუშვებენ ესკალაციას, რომ საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივიდეს. მაგრამ რადგანაც დაძაბულობა მაღალია, აქედან გამომდინარე, კონფლიქტის მსვლელობა შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.
გასულ წლებში ინდოეთსა და პაკისტანს შორის ინციდენტების მოგვარებაში აშშ და სხვა ქვეყნები ერეოდნენ ხოლმე, ესკალაციის შესაჩერებლად.
მაგრამ ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სხვა გლობალური საკითხებით არის გართული და გაურკვეველია, თუ რა სწრაფ ნაბიჯებს გადადგამს აშშ წარსულში ბრიტანეთის კოლონიური ტერიტორიისა და ამჟამად ბრიტანული ერთა თანამეგობრობის წევრების შესაჩერებლად.
ორივე ქვეყნის – ინდოეთისა და პაკისტანის – პოლიტიკური ლიდერები, ალბათ, მოისურვებენ, რომ გადამწყვეტად, გაბედულად იმოქმედონ და თითოეულმა თავისი გამარჯვება გამოაცხადოს.
ორივემ დიდი და სახიფათო ავანტიურა დაიწყო, რაც მსოფლიოსათვის სარისკოა და კარგს არაფერს უქადის.
მოამზადა სიმონ კილაძემ