
“იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ უკრაინას რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი გადაარჩენს: დასავლეთის სანქციებმა პუტინის ექსპანსიონისტური ამბიციების შეჩერება ვერ შეძლეს”- The Daily Telegraph
რუსეთმა ადვილად მოახერხა სანქციების გამკლავება და ახალი სავაჭრო პარტნიორების პოვნა, ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილ სტატიაში სათაურით: „იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ უკრაინას რუსეთის ეკონომიკის კოლაფსი გადაარჩენს: დასავლეთის სანქციებმა პუტინის ექსპანსიონისტური ამბიციების შეჩერება ვერ შეძლეს“, რომლის ავტორია ჯერემი უორნერი – რედაქტორის თანაშემწე, ცნობილი ბრიტანელი ეკონომიკური მიმომხილველი. მისი პროგნოზით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტიც არაეფექტური იქნება, დონალდ ტრამპის 50-დღიანი „ულტიმატუმი“ კი ჩინეთის საპასუხო ზომებს გამოიწვევს. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა ზეწოლას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაუძლებს.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
შევხედოთ ერთ-ერთი ქვეყნის რამდენიმე მონაცემს: გასულ წელს ეკონომიკის ზრდამ შთამბეჭდავ დონეს – 4,3%-ს მიაღწია. უმუშევრობის დონე – სულ რაღაც 2%. მიმდინარე საგადასახადო ბალანსი დადებითია, საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მხოლოდ 20%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი კი მოკრძალებულ 1,8%-ს.
ჩვეულებრივ პირობებში ასეთი მონაცემები სანიმუშო ეკონომიკის მაგალითი იქნებოდა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის ყველა ქვეყანაში სასურველია… სიტუაცია, რა თქმა უნდა, ჩინოვნიკებისათვის საამაყო და მოსახლეობისათვის საიმედოა: მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ქვეყანას სანდო მთავრობა მართავს და არა ისეთი, როგორიც სხვაგანაა.
მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ არის წარმატებული დასავლური ეკონომიკის მონაცემები, ანუ რომელიმე დასავლური სახელმწიფოს მდგომარეობა. ეს რუსეთია, რომელიც უკვე მეოთხე წელია უკრაინას (და მის დასავლელ მოკავშირეებს) ეომება.
ეს მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის ეკონომიკას, „გადახურების“ აშკარა სიმპტომების მიუხედავად, სავსებით შეუძლია ომის წარმოება მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოს .
თავდაპირველი დასავლური წარმოდგენები რუსეთის დაბალი შესაძლებლობებისა და უნარის შესახებ, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გასაგრძელებლად, განპირობებული იყო გულუბრყვილობითა და უსაფუძვლო არაობიექტური ვარაუდებით“.
ჯერ ერთი, რომ საკმაოდ ფართოდ იქნა გავრცელებული ყალბი ინფორმაცია – ვლადიმერ პუტინი მალე მოკვდება და უკრაინაში შეჭრა მისი ბოლო აგრესიული მოქმედება არისო. თუმცა ომის დაწყებიდან საომარი მოქმედებები უკვე მეოთხე წელია გრძელდება და როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს მომაკვდავობისა არაფერი ეტყობა.
მეორე – დაიწყეს ლაპარაკი, რომ გლობალური და მკაცრი სანქციები რუსეთს მუხლებზე დააჩოქებსო, მაგრამ ეს არ მოხდა – კრემლმა საკმაოდ იოლად მოახერხა სანქციების გვერდის ავლა და იპოვა ალტერნატიული სავაჭრო პარტნიორები, შეავსო ის სიცარიელები, რომლებიც დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ დარჩა ეკონომიკაში. ამჟამად ევროპა აგრძელებს რუსეთში საკმაო მნიშვნელოვანი მოცულობის ნავთობისა და გაზის შესყიდვას, ხოლო აშშ-მა რუსეთიდან თავის იმპორტში ბევრი გამონაკლისი დაუშვა – სასუქებიდან დაწყებული, ბირთვული რეაქტორების ღეროებით დამთავრებული. საქმე იმაშია, რომ სანქციებმა ისე ვერ იმუშავეს, როგორც ვარაუდობდნენ. აქედან გამომდინარე, სანქციების ბოლო, რიგით მე-18 პაკეტიც არაეფექტური აღმოჩნდება. რასაკვირველია, რუსეთი სიძნელეებს განიცდის იმპორტირებული დასავლური პროდუქციის ნაკლებობით (მაგალითად, „ავტოვაზმა“ აღიარა, რომ წარმოების შემცირების მიზეზს მაკომპლექტებელ დეტალებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგენს), მაგრამ ნათქვამია – „აუცილებლობა – გამომგონებლობის დედაა“. ვისაც ძალიან სჭირდება, ის ხშირად პოულობს შემცვლელებს. შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი და სტაბილური აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელებს ეგონათ – იმდენად მდგრადი, რომ რეჟიმმა ისევ აღადგინა გადასახადები, რომლებიც პანდემიის გამო იქნენ შეჩერებული. რუსული ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, კეთილდღეობის ეროვნულ ფონდს ისევ აქვს აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ის სახით, ისევ არსებობს 3,5%-იანი სახაზინო საშუალებები და რუსეთს ისევ აქვს 350 მილიარდზე მეტი საერთაშორისო აქტივები, იმ ცნობილი 280 მილიარდის გარეშეც, რომელიც საზღვარგარეთულ ბანკებში იქნა გაყინული. ანუ ვლადიმერ პუტინს აქვს იმის საკმარისი შესაძლებლობები, რომ ომი პრაქტიკულად უსასრულოდ გააგრძელოს.
მესამე – რასაკვირველია, არის იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები არასწორად ჩავთვალოთ. ვლადიმერ პუტინი ყველგან და ყოველთვის ცრუობს და რატომ არ იცრუებს ეკონომიკაში შექმნილი სიტუაციის თაობაზე? მით უმეტეს, რომ ეკონომიკური სტატისტიკით მანიპულირება იოლად შეიძლება, რაც ხშირად ხდება ავტორიტარული რეჟიმების დროს. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პრაქტიკულად დარწმუნებულნი იმაში, რომ ინფლაცია რუსეთში ოფიციალურად გამოცხადებულ დონეზე – 10%-ზე – უფრო მაღალია. თუ ეს ასე არ არის, მაშ რატომ ინარჩუნებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი კრედიტებისთვის 20%-იან საპროცენტო განაკვეთებს? ყოველმა საქმეში ჩახედულმა სპეციალისტმა კარგად იცის, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები ეკონომიკის ზრდას ხელს უშლის. თვითონ ეკონომიკის მინისტრმა აღიარა, რომ ეკონომიკა რეცესიის ზღურბლზე დგას. და მაინც რუსეთის ეკონომიკა შორს არის იმ სრული კოლაფსისაგან, რომელსაც დასავლელი მიმომხილველები და ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ.
ვცდილობ ფრთხილად ვისაუბრო, რადგან ისეთი კომენტარები, რომლებსაც მე ვაკეთებ, შეიძლება არასწორად იქნას აღქმული. მერწმუნეთ, ნამდვილად არ მინდა, რომ მე რუსეთის დამცველად გამოვიყურებოდე. უკრაინელი ხალხის გმირობა თავიანთი სამშობლოს დაცვისათვის განუზომელია და ეს ჩვენთვის, დასავლური დემოკრატიისათვის, სამაგალითო და სანიმუშოა. გარდა ამისა, არამარტო რუსეთის ეკონომიკამ მოახერხა ომთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვა, არამედ უკრაინის ეკონომიკამაც, რომელსაც კრემლი ყოველდღიური დაბომბვებით ანგრევს. უკრაინის ეკონომიკამ საოცარი მდგრადობა აჩვენა, ომის ხარჯების მიუხედავად. უკრაინელებს იმედი აქვთ, რომ თავიანთი გამძლეობით რუსებს გამოფიტავენ და მოსკოვი კრიზისს ვეღარ გაუძლებს. მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი – უკრაინაში ბოლო კვირაში დაწყებულმა საპროტესტო გამოსვლებმა აჩვენა, რომ უკრაინელთა მოთმინებაც ილევა.
დღევანდელი სიტუაცია ბევრით ჰგავს პირველი მსოფლიო ომის დროინდელს, როცა კაიზერის გერმანიის ეკონომიკამ ომის სიმძიმეებს ვეღარ გაუძლო და კრიზისი დაიწყო. საერთოდ, გერმანიის კრახი უფრო ადრეც მოხდებოდა, რომ არა რუსეთის რევოლუცია, რომლის შედეგად ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა უარი თქვეს ომის გაგრძელებაზე და ბერლინს შვებით ამოასუნთქებინეს. მაგრამ შესამჩნევია მნიშვნელოვანი განსხვავებაც: ამჟამინდელ რუსეთში, დასავლელი ექსპერტების ვარაუდების მიუხედავად, არავითარი დამარწმუნებელი მტკიცებულებები არ არსებობს, რომ რაიმე რევოლუციური წინაპირობებია შექმნილი. პირიქით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვლადიმერ პუტინს ომის გასაგრძელებლად საკმარისი რესურსები აქვს. დიახ, არსებობს მწვავე დემოგრაფიული პრობლემა, რაც რუსი ახალგაზრდების დიდ დანაკარგებში გამოიხატება და რომელიც ეკონომიკურ კეთილდღეობას საფრთხეს უქადის. მაგრამ ეს მომავლის პრობლემაა. თუ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი მართლაც დაეცემა, ეს მოხდება არა ეკონომიკური პრობლემების გამო.
იმ მიზნით, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აიძულოს, დონალდ ტრამპი რიგ ქვეყნებს რუსული პროდუქციის იმპორტის გამო 100%-იანი ბაჟების დაწესებით ემუქრება. დასავლეთი ფიქრობენ, რომ თუ ჩინეთი და ინდოეთი რუსულ ნავთობ-გაზს აღარ იყიდიან, კრემლს თანხები აღარ ექნება ომის გასაგრძელებლად, თუმცა ამ მუქარას სერიოზულად არავინ თვლის. თვითონ განსაჯეთ: რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტის შემთხვევაში ინდოეთს და ჩინეთს ალტერნატიული წყაროებით სარგებლობა მოუხდებათ, რაც ნავთობის ფასს ძალიან გაზრდის (აშშ-სათვის და საერთოდ, დასავლეთისათვის საზიანოდ). გარდა ამისა, ჩინეთიც, თავის მხრივ, პასუხს არ დააყოვნებს და სავარაუდოდ, აშშ-ში იშვიათ მიწა ლითონების ექსპორტს შეწყვეტს. დონალდ ტრამპი სულ მალე მიხვდება, ყველა კოზირი მას არ აქვს.
მოკლედ, სამწუხაროა, მაგრამ რეალური ფაქტია: რუსეთის ეკონომიკას და მის მოსახლეობასაც აქვთ იმის უნარი, რომ კრემლის ამჟამინდელ სიგიჟეს კიდევ დიდხანს გაუძლონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ