1. Home
  2. TOP სიახლე
  3. იმამყული ხანი უნდილაძე- შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი
იმამყული ხანი  უნდილაძე- შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

იმამყული ხანი უნდილაძე- შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

323
0

“დღეს სპარსეთის ყურის ეროვნული დღეა. ამ დღეს გვსურს, პატივი მივაგოთ დიდ სარდალს, იმამყული-ხანს, რომელიც სეფიანთა სახელმწიფოში ქართული წარმოშობის ადგილობრივი გამგებელი იყო და სპარსეთის ყურის ისტორიაში გადამწყვეტი როლი შეასრულა.
ოთხასი წლის წინ, სტრატეგიულ ოპერაციაში, ირანის არმიამ იმამყული-ხანის სარდლობით, ათკვირიანი ალყის შემდეგ წარმატებით აიღო პორტუგალიელების ციხე კუნძულ ჰორმუზზე, ირანისთვის ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია და კიდევ ერთხელ განამტკიცა ირანის სუვერენიტეტი სპარსეთის ყურეზე.
იმამყული-ხანის სიმამაცემ და ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ირანის სამხედრო წარმატებას შეუწყო ხელი, არამედ უკვდავყო ხანგრძლივი კულტურული და ისტორიული ურთიერთობები ირანსა და საქართველოს შორის.
სპარსეთის ყურის ეროვნული დღის აღნიშვნასთან ერთად, ასევე უნდა აღვნიშნოთ დიდი მიღწევები ჩვენი ისტორიული მოღვაწეებისა, როგორიც იმამყული-ხანია.
დაე, გაგრძელდეს მეგობრობა და თანამშრომლობა ჩვენს ორ ხალხს შორის!”- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს

იმამყული ხანი უნდილაძე – შირაზის ხანი და ფარსის ბეგლარბეგი

იმამყული–ხან უნდილაძე იყო გამაჰმადიანებული ქართველი,  ირანის ყულარაღასის, ალავერდი ხანის ვაჟი – უნდილაძეთა საგვარეულოდან – სეფიანთა ირანის კარზე დაწინაურებული პოლიტიკური ფიგურა, დიდად განათლებული სახელმწიფო მოღვაწე. ფაქტიურად იგი მეორე კაცი იყო სახელმწიფოში შაჰის შემდეგ.

თომას ჰერბერტი იმამყული ხანის შესახებ წერს: “ეს არის კაცი წარმოშობით ქართველი, სარწმუნოებით მაჰმადიანი, ერთ–ერთი ტეტრარქი, რომელიც განაგებს შაჰ აბასის იმპერიას. მისი სამფლობელოები აღწევს თითქმის ოთხას მილს ყოველი მიმართულებით”.

თომას ჰერბერტი ჩამოთვლის იმამყული ხანის ტიტულებს: დიდი ბეგლარბეგი, მეთაური თორმეტი სულტნისა, ორმოცდაათი ათასი მხედრისა, მსახური შაჰ_აბასისა და ვარდი აღტაცებისა”

პიეტრო დელა ვალე აღნიშნავს, რომ “იმამყული ხანი არის ბეგლარბეგი ფარსისა, რომელიც წარმოადგენს ირანის ყველაზე მნიშვნელოვაბ პროვინციას და ტერიტორიით გაცილებით უფრო ვრცელია პორტუგალიაზე, ხოლო თავისი ძლიერებითა და მდგომარეობით არ ჩამოუვარდება ევროპის მრავალ სამეფოს. შირაზის ხანი კი უეჭველად ყველაზე დიდი პიროვნებაა ირანში შაჰ–აბასის შემდეგ, მას ძლიერ უყვარს ქრისტიანები და მეგობრობს ევროპელებთან”.

იმამყული-ხანის დედაც ქართველი ყოფილა. მას მჭიდრო ნათესაური ურთიერთობა ჰქონდა ქართულ ფეოდალურ ოჯახებთან: მისი ერთი ქალიშვილი გათხოვილი იყო ანდუყაფარ ამილახორზე და საქართველოში ცხოვრობდა ქმართან ერთად, მეორე ქალიშვილი დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, მესამე კი ალი-ყული-ბეგის, ირანის სპასალარისა და თავრიზის ბეგლარბეგის როსტომ-ხან სააკაძის ძმის ცოლი იყო.

ცნობილია, რომ უნდილაძეებს, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული ძალიან მაღალი თანამდებობებისა შაჰის კარზე, არ მიუღიათ მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ღონისძიებებში.
ერთხელ, როდესაც შაჰის ბრძანებით, ფარსის ჯარი, რომლის ბეგლარბეგიც თვითონ იმამ ყული-ხანი გახლდათ, საქართველოში უნდა წასულიყო, მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და თავის მოადგილეს გადააბარა ჯარის წინამძღოლობა, თვითონ კი თავრიზში დარჩა. შაჰი პატიობდა მას, რადგან იგი მისი დასაყრდენი იყო სამხრეთ ირანის სამხედრო პრობლემის მოგვარებაში – კერძოდ, ქიშმის და ჰორმუზის დაპყრობასა, დამოუკიდებელი სამთავროების გაუქმებასა და ირანთან შეერთებაში. ამავე დროს იგი შაჰის დასყრდენი იყო ინტენსიური სამეურნეო მშენებლობების წარმართვაში, ირანის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებში. იმამყული-ხანი ხელმძღვანელობდა საირიგაციო ნაგებობების მშენებლობას ისპაჰანის მახლობლად, კაშხლებისა და ხიდების მშენებლობას.

იმამყული-ხანის ბეგლარბეგობის დროს შირაზში დრამატული მოვლენები მოხდა: აწამეს თეიმურაზის დედა ქეთევანი, მოკლეს ლუარსაბ II, დაასაჭურისეს თეიმურაზის ვაჟი. უაღრესად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ამისა, თეიმურაზი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გამაჰმადიანებული ქართველისა და შაჰის ერთგული ბეგლარბეგისათვის:

“მდაბალი, ტკბილი, მოწყალე, აქებენ სულად ქვენანი,

ღირსეულია ღვთისაგან, მითა სცავს ძალთა ზენანი”.

ქეთევან დედოფალი იმამყული-ხანის ძმის, დაუდ-ხანის სიდედრი იყო, მისი მეგობრის, თეიმურაზის დედა და საქართველოს დედოფალი. პიეტრო დე ლა ვალე რომში გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ შირაზის ხანი მფარველობდა ქეთევანს; იყო თავისი ხალხის მოყვარე და გულშემატკივარი. არსებობს საინტერესო ცნობა: შაჰ-აბასს შეუთვლია იმამ ყული-ხანისთვის, თუ ქეთევანი მიიღებს მუსლიმანობას, დაანებე თავი, თუ არა – მაშინ, უნდა მოვკლათო. მას შეუბედავს და შეუთვლია შაჰისთვის პასუხად: „ეს ბერი დედაკაცი არის, არაფრით არ შეიცვლის რწმენას და თავი დაანებე“. როგორც ჩანს, თეიმურაზ პირველისათვის ცნობილი იყო იმამყულის მცდელობა – დახმარებოდა ქეთევანს. მის პოემაში ასეა აღწერილი ეს ტრაგიკული ამბები:

“იმამ-ყული-ხანს რა ესმა საქმენი საზარონია,

მეტად გაკვირდა, ესა თქვა: “მისი რა საკადრონია?

ვიცი რომ არ გათათრდების, თუცა არა აქვს დრონია,

თეიმურაზის დედასა ვით ვკადრო უკადრონია?”

 

იმამყული ხანმა სცადა გადაერწმუნებინა შაჰი, თუმცა ვერაფერს გახდა (სხვათა შორის თეიმურაზის შვილების დასჯა ორჯერ გადაათქმევინა შაჰს, თუმცა მესამედ ვერაფერს გახდა) .

სამი თვე ყოყმანობდა შირაზის ხანი, ვერ ეუბნებოდა ქეთევანს ამას, თუმცა სხვა რა გზა ჰქონდა და საბოლოოდ უთხრა კიდეც. დიდხანს და დაბეჯითებით არწმუნებდა იმამყული ხანი ქეთევანს მიეღო მაჰმადიანობა, თუმცა თავადაც იცოდა, რომ ვერაფერს გახდებოდა. ეუბნებოდა “ჩვენ თუ მაჰმადის რჯული გვიჭირავს, განა ქართველები არა ვართო?” სთხოვდა თავი გადაერჩინა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა.   1624 წლის 13 სექტემბერს ქეთევან დედოფალი მოწამეობრივად აღესრულა.

1629 წელს ირანში შეიცვალა პოლიტიკური ვითარება: გარდაიცვალა შაჰ-აბას I, ქართველი უფლისწულის ხოსრო-მირზას (როსტომ-ხანის), ისპაჰანის ტარუღას დახმარებით გამეფდა შაჰ-სეფი. შეიცვალა პოლიტიკური ორიენტირები, დაიწყო უნდილაძეთა გავლენის შემცირება, თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა. მათი პოლიტიკური სარბიელიდან გაქრობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა.

როსტომ-ხანი იმამყულის სახიფათო მეტოქე იყო. უნდილაძეების წინააღმდეგ ბრძოლა როსტომ-ხანმა კავკასიაში მყოფ თეიმურაზ I-ის მოკავშირე დაუდ-ხანთან დაპირისპირებით დაიწყო. სპარსელების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, რასაც განჯა-ყარაბაღის დარბევა მოჰყვა შედეგად, თეიმურაზი და დაუდ-ხანი ერთად მოქმედებდნენ. 1633 წლის აჯანყებამ დაადასტურა ირანის მმართველი წრეების ეჭვები დაუდ-ხანის მოღალატეობის შესახებ. შაჰ-სეფი სასტიკად გაუსწორდა დაუდ-ხანის ოჯახის წევრებს. ფაქტიურად ეს გახდა იმამ-ყული-ხანის განადგურების საბაბიც. ყაზვინის მოედანზე სიკვდილით დასაჯეს ხანი და მისი სამი ვაჟი – სეფიყული-ხანი (ლარის ბეგლარბეგი), ფათალი-ბეგი, ალი-ყული-ბეგი. ჯალათობა შაჰ-სეფიმ იმამყული-ხანის ახლო ნათესავებს, მის სიძეებს, ქართველებსა და ერთ ყიზილბაშს დაავალა. შაჰს ამით სურდა თავიდან აეცილებინა შურისძიება ქართველთა მხრიდან, ხოლო ქელბალი-ბეგ ეშიკაღასის მონაწილეობა კი ამ აქტში ყიზილბაშთა მხრიდან შურისძიებად აღიქმებოდა. ფარსადან გორგიჯანიძე იმამყული-ხანის ოჯახის ამოწყვეტას მთლიანად დაუდ-ხანის მოღალატეობით ხსნის: “შაჰ სეფი ყაენმან დაუდ-ხანის ჯავრით მისი ძმა იმამყული-ხან შვილებიანად დახოცა. დაუდ-ხანი იმამყული-ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა. . . უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა”

ასე დასრულდა უნდილაძეთა ორმოცწლიანი ბატონობა ირანში.

აღსანიშნავია იმამყული-ხანის განსაკუთრებული დამსახურება ირანის წინაშე სამხედრო სფეროში. მისი თაოსნობით სპარსეთმა შეძლო სპარსეთის ყურიდან მთლიანად განედევნა პორტუგალიელები. პორტუგალიელები კუნძულ ჰორმუზიდან რომ გადადენა, მისი სახელი მთელს ირანში ქუხდა. ირანის მთავრობამ არ დაივიწყა მისი ამაგი და ახლა, ამ ბოლო წლებში ქალაქ ჰორმოსში მას ძეგლი დაუდგეს.

იმამ ყული-ხანს ირანში განათლებული ადამიანის სახელი ჰქონდა გავარდნილი. შირაზში არსებობდა კარმელიტების კათოლიკური რეზიდენცია. მათ ძალიან საინტერესოდ აქვთ აღწერილი, რა ხდებოდა იმხანად ირანში და სწორედ ამ ქრონიკაში, ორდენის ერთ-ერთი პრეფექტი 1623 წელს წერს, იმამ ყული-ხანმა ჩვენგან მოითხოვა პლატონისა და არისტოტელეს წიგნები და, ამავე დროს, ბიბლიის არაბული თარგმანიო. საინტერესოა, რომ ამ დროს ის აღარ იყო ქრისტიანი, თუმცა, ბიბლია მაინც აინტერესებდა. ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური კულტურით დაინტერესება იმამყული-ხანს მრავალმხრივ პიროვნებად წარმოგვიდგენს, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ქართულ და სპარსულ კულტურულ ორიენტაციას. იგი ელჩების, ისტორიკოსებისა და მოგზაურების ყურადღებას იქცევდა, მის შესახებ წერდნენ ქართველი და სპარსელი პოეტები.

იმამ ყული-ხანის სახელი ირანში იმდენად განთქმული იყო, რომ სპარსელ პოეტს, მაულან კადრის, ორი პოემა მიუძღვნია მისთვის: „ჯანგნამა“ და „ჯარუნნამა“. ეს იმ ტერიტორიების სახელწოდებებია, რომლებიც იმამ ყული-ხანმა ირანს შემოუერთა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორივე პოემა სპარსული ლიტერატურის ანთოლოგიაშია შესული.

1633 წელს, როდესაც თეიმურაზ პირველმა მოაწყო აჯანყება ახალი შაჰის წინააღმდეგ, იმამ ყული-ხანმა მონაწილეობა მიიღო ამ აჯანყებაში, რის გამოც ის სიკვდილით დასაჯეს.