იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” გამოყენება-დავით ქართველიშვილი
“იანვრის ბოლოს 24 სახელმწიფოსგან შემდგარმა ჯგუფმა (მათ შორის დიდი ბრიტანეთის, კანადის და გერმანიის მონაწილეობით) ოფიციალურად დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” გამოყენება. სახელწოდებიდანაც ჩანს ამ პროცესის “რუსული პარანოია” – ეს არის საგანგებო პროცედურა, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესასწავლად ქვეყანაში შევიდნენ იმ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, რომლის წინააღმდეგაც მექანიზმი ამოქმედდა. ფორმალურად – ეს ნაბიჯი დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ არის მიმართული. რეალურად კი – იშვიათი და მკაცრი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტია, რომელიც შერჩევითად გამოიყენება და თითქმის არასოდეს ეხება დასავლური ბირთვის ქვეყნებს, პრინციპიდან: “აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსაო”.
საქართველოს მიმართ “მოსკოვის მექანიზმის” გააქტიურება არ არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვის ისტორია. ეს არის მისი დაუმორჩილებლობისთვის დასჯის ისტორია. ბოლო წლებში დასავლეთმა ჩამოაყალიბა ქცევის სტაბილური მოდელი: ქვეყნები, რომლებიც ინარჩუნებენ სუბიექტობას (მათგან განსხვავებით), მარილივით არ იშლებიან ევროატლანტიკურ ბიუროკრატიულ კონსენსუსში და უარს ამბობენ ვასალის როლზე, ავტომატურად ხვდებიან “პრობლემური დემოკრატიების” კატეგორიაში. საქართველო სწორედ ამ კატეგორიაში მოექცა. ამჯერადაც
ფორმალური საბაბი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი “ბაიდენიზმებია” – “ადამიანის უფლებების დარღვევების მიმართ აღშფოთებული შეშფოთებაა” და “დემოკრატიის უკუსვლა”.
თუმცა თუ შევადარებთ რეალურ პრაქტიკებს საქართველოში და იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენზე ზეწოლას ინიცირებენ, აშკარა ხდება: ჩვენთან არ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევების არც მასშტაბური და არც ხარისხობრივად მრავალჯერადი უპირატესობა. დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლა, უკიდურესი სისასტიკე, პრევენციული დაკავებები, საპროტესტო აქტივობისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა, საბანკო ანგარიშების გაყინვა, შეკრებების აკრძალვა და სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა – ეს ყველაფერი სრულად გვხვდება თავად დასავლურ “დემოკრატიებშიც”. განსხვავება მხოლოდ ერთია: “მოსკოვის მექანიზმები” მათ საკუთარ თავზე არ ვრცელდება.
მთავარი განსხვავება ასევე დემოკრატიის ხარისხში კი არა, პოლიტიკურ სტატუსშია. დასავლეთის ქვეყნები არიან მათი “კუკლავოდების” ხელში ინსტრუმენტები, რომლებიც წესებს ადგენენ ურჩი ვასალების სუბიექტობისა და სუვერენიტეტის ჩასახშობად. საქართველო კი, მათი ლოგიკით, არის ობიექტი, რომელიც დანარჩენებს ცუდ მაგალითს აძლევს. როგორც კი თბილისი აჩვენებს სურვილს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა, დააბალანსოს ინტერესები, აირიდოს უცხო კონფლიქტებში ჩათრევა და არ მოაწეროს ხელი ყოველ გარე მოთხოვნას – მის წინააღმდეგ ამოქმედდება ხოლმე ზეწოლის კარგად დამუშავებული ინსტრუმენტარი: რეზოლუციები, ანგარიშები, „შეშფოთებები”, მონიტორინგები და საბოლოოდ – კვაზი-სანქციური მექანიზმები.
ამ კონტექსტში „მოსკოვის მექანიზმი” არის არა იურიდიული, არამედ გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი მიზანი კონკრეტული დარღვევების გამოსწორება კი არა, არამედ პოლიტიკური ნების გატეხვაა. ეს არის სიგნალი ელიტებისა და საზოგადოებისთვის: სუვერენიტეტს აქვს ფასი, და ეს ფასი იზრდება წინააღმდეგობის ზრდასთან ერთად. ამავე დროს, დასავლეთის ქვეყნების შიდა სივრცეში მიღებული ანალოგიური ან უფრო მკაცრი გადაწყვეტილებები არ ხდება საერთაშორისო გამოძიების საგანი, რადგან იქ მოქმედებს პოლიტიკური იმუნიტეტის დაუწერელი პრინციპი. უბრალოდ, მორიგ ჯერზე გვაოცებს – გაკოტრების გზაზე მყოფ დასავლურ “დემოკრატიას” ჯიუტად როგორ სცალია ჩვენთვის. თუმცა, მათ ვიღა ეკითხება რამეს. და აქედან გამომდინარე დასკვნა – რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგევართ,”-წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი.