1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?”- The Wall Street Journal
“ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?”- The Wall Street Journal

“ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?”- The Wall Street Journal

117
0

ამერიკული გაზეთის „უოლ სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) ბოლო რამდენიმე ნომერში გამოქვეყნდა სტატიები, რომლებშიც განხილულია უკრაინის არმიის მოქმედების ტაქტიკა და სტრატეგია.

ერთ-ერთი ავტორის – პოლიტოლოგიის დოქტორის ჯონ არკილის პუბლიკაციაში სათაურით: „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“ (22 სექტემბერი), აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში უნდა ისარგებლონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანელი გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგიით.

ჯონ არკილის პუბლიკაციას ეხმაურება ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი პოლ პოზნერი სტატიით „გასაღები უკრაინის გამარჯვებისათვის“ (01 ოქტომბერი), რომელშიც ნათქვამია:

„ჯონ არკილის პუბლიკაციაში მოცემულია გერმანიის ვერმახტის გენერლის ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია სტალინგრადის შემდეგ: მოწინააღმდეგისთვის ჯერ მცირე ტერიტორიის დათმობა, შემდეგ კი, როცა მეტოქე შეტევაზე გადმოვა, ფლანგებიდან კონტრდარტყმები განხორციელდება და ის იძულებული გახდება უწესრიგოდ უკან დაიხიოს. ვფიქრობ, რომ კითხვა „ჰყავს თუ არა უკრაინის არმიას თავისი მანშტეინი?“, არასწორად არის დასმული.

ის სტრატეგია, რომელიც გერმანელ გენერალს მიეწერება, ჯერ კიდევ უძველეს პერიოდიდან, მინიმუმ ჩვენს ერამდე 216 წლიდან არის ცნობილი – მეორე პუნიკური ომის დროიდან, როცა კართაგენელმა მხედართმთავარმა ბარკა ჰანიბალმა გამოიყენა და რომაელთა ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა კანთან მომხდარ ბრძოლაში.

კანის ბრძოლის დროს გამოყენებული სტრატეგიის აღწერილობა მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო აკადემიების სახელმძღვანელოებშია შეტანილი. კითხვა ისე კი არ უნდა დაისვას – იციან თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა ეს სამხედრო სტრატეგია, არამედ ასე: ფლობენ თუ არა ისინი საკმარის სადაზვერვო ინფორმაციას, აქვთ თუ არა მათ საკმარისი უფლებამოსილება სარისკო ოპერაციის განსახორციელების მზადყოფნისათვის და რესურსების გამოსაყენებლად, რათა თვითონ, ზემოდან მითითებისა და ლოდინის გარეშე, დროულად ისარგებლონ შანსით და წარმატებას მიაღწიონ“.

პროფესორ პოლ პოზნერის პუბლიკაციას გაზეთის მკითხველთა კომენტარები და შენიშვნები მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

George Kinney:

„ისეთ ომში, რომელიც ერთმანეთის გამოფიტვით მიმდინარეობს, დიდი მნიშვნელობა აქვს მოწინააღმდეგეთა მიერ განცდილ დანაკარგებს. ამჟამად საკუთრივ უკრაინის რეალური მოსახლეობა საკმაოდ არის შემცირებული სამხედრო დანაკარგებისა და მცხოვრებთა საზღვარგარეთ მიგრაციის (ლტოლვილების) გამო. რა თქმა უნდა, სამხედრო დანაკარგებს რუსეთის არმიაც განიცდის (პროპორცია თითქმის ერთნაირია), მაგრამ რუსეთს დანაკარგების შევსების უფრო მეტი წყარო და შანსები აქვს, ვიდრე უკრაინას. რუსეთის მოსახლეობის რიცხვი თითქმის ხუთჯერ აღემატება უკრაინის მცხოვრებთა რაოდენობას. როგორც ჩანს, ეს ომი, სამწუხაროდ, უკრაინისათვის წარუმატებელი იქნება. როგორც არ უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები, ქვეყანა მხოლოდ ნომინალურად იარსებებს, შემცირებული მოსახლეობით… არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში უკრაინელების ადგილს დაიკავებენ ჯერ აფრიკელები, აზიელები და ახლოაღმოსავლელები, მოგვიანებით კი სხვა ქვეყნის მიგრანტები“.

Charles Rogers

„უცნაურია, რომ წერილის ავტორი კიევს რეკომენდაციას აძლევს გენერალ ერიხ ფონ მანშტეინის სტრატეგია და ტაქტიკა გაიზიაროს. ასეთ სიტუაციაში უადგილო არ იქნება გავიხსენოთ, რით დაასრულა  ვერმახტის გენერალმა თავისი სამხედრო კარიერა: წითელი არმიის მიერ განხორციელებული პროკუროვო-ჩერნოვცის ოპერაციის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა დამარცხებული გენერალი პოსტიდან გაათავისუფლა, ხოლო მოსკოვის ჯარებმა საბოლოოდ ბერლინი დაიკავეს“.

John T:

„მართალი ბრძანდებით, რომ წითლებმა ბერლინი დაიკავეს… მაგრამ ეს [რუსებს] დამოუკიდებლად არ გაუკეთებიათ. მათ ომში დასავლეთი ეხმარებოდა“.

Gerard Bialot:

„ერიხ ფონ მანშტეინმა კურსკის ბრძოლა (1943 წლის ივლისში, ოპერაცია „ციტადელი“) წააგო, თითქმის ორი წლის შემდეგ კი მესამე რაიხმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ასე რომ, გენერალ მანშტეინის გამოცდილება სტრატეგიული უკანდახევის თაობაზე, მაინცდამაინც წარმატებულად ვერ ჩაითვლება“.

 

წყარო: