
“ჰამენეის რეჟიმი და მის გვარდიელები ფაქტიურად დამარცხდნენ, ახლა ყველაფერი ირანელ ხალხზეა დამოკიდებული”
„ჰამენეის რეჟიმი და მის გვარდიელები ფაქტიურად დამარცხდნენ, ახლა ყველაფერი ირანელ ხალხზეა დამოკიდებული“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია რიჩარდ კემპი, სამხედრო ექსპერტი. პუბლიკაციაში ნაჩვენებია ისრაელ-ირანის კონფლიქტის სავარაუდო პერსპექტივა, რომელიც, ალბათ, ირანში ხელისუფლების ცვლილებით დასრულდება.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ისრაელის მიერ განხორციელებული ოპერაციით ირანი ყველაზე მკაცრად დაისაჯა – ისე, როგორიც შესაძლებელია ახლოაღმოსავლურ კულტურაში: დამცირებით. აიათოლების მცდელობამ – აღედგინათ შელახული „ღირსება“, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა: თეირანის მოკრძალებული „პასუხი“ ხმამაღლა დაპირებულს არაფრით არ ჰგავს და კიდევ უფრო მეტ დამცირებას ნიშნავს.
ბუნებრივია, ირანულმა რაკეტებმა ისრაელს გარკვეული ზიანი მიაყენეს, დაინგრა შენობები და დაიღუპნენ ადამიანები – თითოეული სიკვდილი ტრაგედიაა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის ნგრევა ნამდვილად არ არის, როგორითაც აიათოლა ალი ჰამენეი და მისი დამქაშები ისრაელს არაერთგზის ემუქრებოდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების 90% ჩამოაგდეს და მხოლოდ 10%-მა მიაღწია ქვეყნის მსხვილ ქალაქებამდე.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ირანის თეოკრატიულ ხელისუფლება ასობით რაკეტისა და დრონის გაშვებით არაიმდენად რეალური შედეგის – ანუ ისრაელისთვის სერიოზული ზიანის მიღწევას იმედოვნებდა, არამედ უფრო მეტად ის სურდა, რომ ირანელებისათვის ეჩვენებინა – აი, პასუხად რა ძლიერ დარტყმას ვაყენებ მტერსო.
ირანელ აიათოლებს დღეს უკიდურესად სჭირდებათ თავიანთი ძალის დემონსტრირება, რადგან ბოლო დრომდე მხოლოდ სისუსტეს იჩენდნენ. მაგრამ როგორ? ისრაელის ავიაციას სრული უპირატესობა აქვს და ირანის საჰაერო სივრცეში გაბატონებული მდგომარეობა უკავია. „ცახალის“ თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ თეირანისა და სხვა ქალაქების თავზე – ისე, როგორც მშობლიურ თელ-ავივში. აიათოლების ხელისუფლებამ ვერ დაიცვა თავისი უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებიც კი, რომლებიც პრაქტიკულად ელვისებურად იქნენ განადგურებულნი. ეს ომების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს.
იგივე შეიძლება ითქვას ბირთვული პროგრამის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან მეცნიერ ფიზიკოსზეც, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე საიმედოდ დაცული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ირანში. ბირთვული ობიექტები, რომლებიც წესით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით გაძლიერებულად უნდა ყოფილიყვნენ დაცული, არაერთხელ გახდნენ ისრაელის ავიაციისა და რაკეტების დაბომბვის ობიექტები. პარალიზებული იქნა ირანის რადარები და ის ბალისტიკური რაკეტები (დრონების ჩათვლით), რომელთა გაშვება „ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსმა“ (გვარდიამ) თავისი ბაზებიდან ვერ მოასწრო. ისრაელის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები დაუსჯელად მოქმედებენ ირანის ტერიტორიაზე – ნადვილად განსაცვიფრებელი მოვლენის მომსწრენი ვართ.
ისრაელმა თეირანის მოსახლეობას გამოუცხადა – იცოდეთ, ქალაქი უნდა დავბომბო და თავს უშველეთო. ანუ ისრაელის ბრძანებით, მცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ სახლები მიეტოვებინათ და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში გაქცეულიყვნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, აიათოლების რეჟიმმა საკუთარი ტერიტორიის მიმართ სუვერენული მართვის უფლება დაკარგა. იბადება კითხვა: შეძლებს თუ არა ირანის მთავრობა მომდევნო ძლიერი დარტყმების გადატანას?
როგორც ჩანს, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავის შეტევის კულმინაციისათვის, ამ დროს კი ირანის ქალაქების ქუჩებში უკვე გაისმის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ხმა – „სიკვდილი ალი ჰამენეის“ და „სიკვდილი ისლამური რევოლუციის გუშაგებს“. ირანის სამთავრობო შენობებთან რამდენიმე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.
ისრაელი უარყოფს, რომ ირანის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში ჩარევას ახორციელებს, მაგრამ მაშინ ვინ არიან პროტესტების ორგანიზატორები?
ცნობილია, რომ ირანში მრავალი იატაკქვეშა არალეგალური ჯგუფი მოქმედებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფრაქციების წარმომადგენლები, რომლებიც, უეჭველია, რეჟიმის დასუსტებით გამხნევდებიან. ირანის რეგულარული არმია, როგორც ამბობენ, მაინცდამაინც თავს არ მოიკლავს აიათოლების რეჟიმის დაცვით. არმია უკმაყოფილოა იმით, რომ აიათოლები უპირატესობას „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC – Islamic Revolutionary Guard Corps) ანიჭებენ. არ არის გამორიცხული, რომ არმიამ თეოკრატიული ხელისუფლების დაცვაზე უარი განაცხადოს.
ისრაელს არ სურს ირანის მოსახლეობას თავს მოახვიოს ახალი მთავრობა, მაგრამ როგორც გვერდითი მოვლენა, ირანელებს 1979 წლიდან პირველად უჩნდებათ შესაძლებლობა შეცვალონ საძულველი დიქტატორული რეჟიმი ნებისმიერი ხელისუფლებით, რომელსაც თვითონ ისინი აირჩევენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართვამ ირანელებისადმი – გაერთიანდით და მჩაგვრელი რეჟიმისაგან გათავისუფლდითო – ფართო ენთუზიაზმი გამოიწვია ქვეყნის მოსახლეობაში.
მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ აიათოლების მმართველობის დასრულებას. სწორედ თეოკრატიული ხელისუფლებაა პასუხისმგებელი სისხლისღვრის დაწყებაში, რეპრესიებში და ეკონომიკურ არასტაბილურობაში. ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხეზე ცარიელი საუბრებისა და განცხადებების ნაცვლად, დასავლეთმა ქმედითი რადიკალური ნაბიჯები უნდა გადადგას.
მოამზადა სიმონ კილაძემ