
გვინდა, აშშ-თან განვაახლოთ პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ეს არის მკაფიო გზავნილი, რაზეც დადებით პასუხს ალტერნატივა არ აქვს -ირაკლი კობახიძე
ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია, რათა რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“.
„ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის“ გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება, ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია, რათა რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება“, – განაცხადა პრემიერმა.