გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დაისაჯონ დამნაშავეები, ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს -ირაკლი კობახიძე
თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორიც ჰქონდა 2012 წლის არჩევნებს. არჩევნებთან ერთად, ეს არის რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ომი ან მშვიდობა, საზოგადოების მორალური გადაგვარება ან ტრადიციული ფასეულობები, ბნელ წარსულში დაბრუნება ან საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსთავის გამორჩეულად ღირსეული მოსახლეობა 26 ოქტომბერს ხმამაღლა ეტყვის უარს ომს, ამორალურ პროპაგანდას და ბნელ წარსულს და აირჩევს მშვიდობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელ მომავალს.
„საქართველო არასდროს დაუბრუნდება ბნელ წარსულს. ყველას გახსოვთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას უსამშობლო ადამიანების ჯგუფი, უცხოური აგენტურა მართავდა. ამ ადამიანებმა თავი დაგვამახსოვრეს სისხლიანი ავტორიტარიზმით, ადამიანების მკვლელობითა და წამებით, ბიზნესის ტერორით, ტელევიზიების მიტაცებით, საქართველოს ისტორიული რეგიონების დაკარგვითა და მრავალი სხვა დანაშაულით, რომლებზეც მათ პასუხი ჯერ სრულად არ უგიათ. დაუსჯელობის გამო, ისინი 12 წლის განმავლობაში ასრულებდნენ ანტისახელმწიფოებრივ დაკვეთებს და არ ასვენებდნენ ამ ქვეყანას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა დამნაშავეები დაისაჯონ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამყარდეს სიმშვიდე და ქვეყნის სტაბილური განვითარება ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე გაგრძელდეს.
„2012 წელს ავტორიტარული რეჟიმი წარსულს ჩააბარა ადამიანმა, რომელიც მას შემდეგ ქვეყანაში მშვიდობის, დემოკრატიის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ეკონომიკური წინსვლის მთავარი გარანტია. ამისათვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა, გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.