
,,გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის”- პრემიერი
4 წელი გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის, ასეთ დროს, ქართველი ხალხის, ისევე როგორც ხელისუფლების მოლოდინი იყო ის, რომ მეტ ყურადღებას გამოავლენდნენ ჩვენს მიმართ, თუმცა არის დუმილი და გადავწყვიტეთ, ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წერილის მთავარი გზავნილია, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.
„მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის. თვისებრივად შეიცვალოს ის დამოკიდებულება, რომელიც ჩამოყალიბებული იყო წინა ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენი მოლოდინი და დადებითი მოლოდინი ეფუძნებოდა და ჯერ კიდევ ეფუძნება იმ თანხვედრას, რომელიც ღირებულებითი თვალდსაზრისით არსებობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის. იცით, როგორია ახალი პრეზიდენტის დამოკიდებულება ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა იგივე USAID, NED, ლგბტ პროპაგანდა, გენდერული პროპაგანდა და ა.შ. აქ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. ასევე თქვენ იცით, როგორია პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება ისეთი მოვლენების მიმართ, რაც დაკავშირებულია ევროპული ბიუროკრატიის ჩარევასთან სხვადასხვა ქვეყნის შიდა სუვერენულ საქმეებში. ერთ-ერთი იყო რუმინეთის მაგალითი, სადაც, სწორედ, ევროპული ბიუროკრატიის ჩარევით, საერთოდ გაუქმდა უკვე ჩატარებული არჩევნები ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე. ამასთან დაკავშირებით ხმა აიმაღლა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, თუმცა ანალოგიური განცხადებები არ გაკეთებულა საქართველოს მიმართ, მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე წნეხის ქვეშ, წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მოექცა, სწორედ, საქართველოს ხელისუფლება. 4 წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ეს ბრძოლა წარმატებით გამოვიარეთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის მოლოდინიც იყო და ხელისუფლების მოლოდინიც იყო ის, რომ მეტი ყურადღება იქნებოდა გამოვლენილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, ქართველი ხალხის მიმართ, თუმცა არის დუმილი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ღია წერილით გვეცადა გარკვეული ძვრების შეტანა ამ მოცემულობაში,”- განაცხადა პრემიერმა.