
გურიაში გზების 80% გაწმენდილია, 29 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია აღუდგა, გაზმომარაგება კი – დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს -ლევან ჟორჟოლიანი
ძირითადი გზების 80% უკვე გაწმენდილია, ეს არის მუნიციპალური გზები, დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება, სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს გურიის რეგიონში განუცხადა.
მისი თქმით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს დაზიანება 35 ათას აბონენტს ჰქონდა, 27 თებერვალს დღის ბოლოს კი 29 ათასამდე აბონენტს აღუდგა ელექტროენერგია, გაზიფიცირება აღუდგა დაზიანებული აბონენტების ნახევარზე მეტს.
„ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება, რომელზეც დავალებები გაიცემა შტაბის შეხვედრებზე დღის დასაწყისში და დღის ბოლოს ვიბარებთ ანგარიშს. სერიოზული პროგრესი გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით, ჯამში, სტიქიის დაწყების დროს 35 000 აბონენტი იყო გათიშული. გუშინ, დღის დასაწყისში 24 000-ზე მეტი აბონენტი უკვე იყო ჩართული, დღის ბოლოს კი ამას დაემატა 4 800 აბონენტი. კარგად მივდივართ ამ მიმართულებით. ასევე, ძირითადი გზების 80% არის გაწმენდილი, ეს არის მუნიციპალური გზები. დღეს კიდევ უკეთესი შედეგი გვექნება. ასევე, ძალიან ბევრ სოფელში მივედით სოფლის ცენტრამდე, საიდანაც შესაძლებელია, რომ უშუალო კომუნიკაცია მოხდეს უკვე მოსახლეობასთან, საჭიროების შემთხვევაში სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება მათთვის. გაიცა კონკრეტული დავალებები, დასახულია გეგმა. გაზმომარაგების ნაწილში, 1 300 აბონენტი იყო გათიშული და ნახევარზე მეტი უკვე აღდგენილია. ამ მიმართულებით დღეს უკეთესი დინამიკა და შედეგები გვექნება და ყველა ის რესურსი, რომელიც არსებობს, მობილიზებულია. მთავარია, ვმოქმედებთ სწორი კოორდინაციისა და სწორი მართვის პირობებში“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.