
გულუბრყვილოდ ვუთხარი, ასე რატომ მწირავთ, ჩემი და ადეიშვილის შვილი კლასელები არიან-მეთქი, ოთახში შემოვიდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მეუბნება, რომ ამ სიტყვების გამო, მე უფრო დავისჯებოდი – საუბარია მეორეკლასელ ბავშვებზე -ვალერი შოშიაშვილი
ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წვერების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ბიზნესმენმა ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა.
შოშიაშვილის თქმით, კახეთში ერთ-ერთი ქონება ბექა ბასილაიამ მას იძულებით შეაძენინა.
„მივდივარ ბექა ბასილაიასთან და იქ გავატარე ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი, პროკურატურის შენობაში. ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რა მეთოდი უფრო აჯობებდა. მეთოდებში იგულისხმებოდა ის, რომ დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა და მე უფრო მარტივად ვიშოვიდი თანხას თუ არა; მეორე მეთოდი იყო ის, მე წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს უკვე თავისავე ოთახში, კომპიუტერში რთავდა ადამიანის ისეთ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა. ეს ჩემთვის ძალიან რთული საყურებელი იყო. მე პირდაპირ ვუთხარი, რა იყო ჩემგან გასაკეთებელი და რა უნდოდათ. ჩემდაუნებურად, გულუბრყვილოდ ვუთხარი, რომ ვიცოდი, გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი იყო, რა არის, ასე რატომ მწირავთ-მეთქი, ჩემი და მისი შვილები კლასელები არიან-მეთქი. მაშინ გაჩერდა ბექა ბასილაია. დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში დამტოვა ოთახში. იმავე ოთახში შემოვიდა ზურა ადეიშვილი. მეუბნება, რომ ამ სიტყვების გამო, მე უფრო დავისჯებოდი.
ოთახში, სადაც იმ 12 საათის განმავლობაში ვიყავი, მთელი კედელი დაფარული იყო ჩემი ოჯახის წევრების სურათებით. ჩემი მცირეწლოვანი შვილების, მეუღლის, დის სურათებით. ბექა ბასილაია მეუბნებოდა, რომ ქონება, რომელიც ჩვენს ოჯახს ჰქონდა შეძენილი, უნდა ყოფილიყო გადაფორმებული კონკრეტულ პიროვნებაზე. კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გრემში იმართებოდა აუქციონი, გამოდიოდა ქონება, რომლის საწყისი თანხა იყო 100 ათასი ლარი და ბიჯის თანხა – 30 ათასი ლარი. შემდეგ პროკურატურაში ავდივარ და მეუბნება, რომ „საქართველოს ბანკთან“ უკვე შეთანხმებულია და სესხი უკვე დამტკიცებული გაქვსო“, – განაცხადა ვალერი შოშიაშვილმა.