
გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან სწორედ თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს – კახა კალაძე ახალგაზრდებს
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ახალგაზრდობასთან და მათ მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის და მათ ინიციატივებს მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.
“ძალიან დიდი პატივია, რომ უკვე მესამედ წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც მერობის კანდიდატი. ამავდროულად, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩემთვის. კარგად მაქვს გააზრებული, თუ რას ნიშნავს, იყო ქალაქის მერი და ზოგადად, რამხელა ტვირთია იყო ქალაქის თავი. 2017 წლიდან დღემდე იმდენი კარგი საქმე გავაკეთეთ ჩვენი ქალაქისთვის, ნამდვილად არ მეშინია, მესამედაც ჩავერთო საარჩევნო კამპანიაში. არ მეშინია იმიტომ, რომ პირველ რიგში, ზურგს მიმაგრებს თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა. ძალიან ვაფასებ თითოეული თქვენგანის როლს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი, რადგან სწორედ თავისუფალი, განათლებული, განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები ქმნიან ამ ქვეყნის მომავალს”, – მიმართა კახა კალაძემ ახალგაზრდებს.
თბილისის მერმა ქვეყნის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თავისუფლებას ყოველდღიურად განმტკიცება სჭირდება.
“ქართული ოცნება” ატარებდა, ატარებს და და მომავალშიც გაატარებს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართული სახელმწიფოს ინტერესს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, თითის დაქნევით გველაპარაკოს. ჩვენმა წინა თაობებმა ბრძოლით, სისხლით მოიპოვეს ყველაზე ძვირფასი – დამოუკიდებლობა, თავისუფლება. ამაყი ვარ, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებელი, სუვერენულია, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება განმტკიცება, ბრძოლა. ბრძოლა, რომელშიც უნდა ვიყოთ შეუპოვრები, პრინციპულები, რათა არავის, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს არ მიეცეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სათავისოდ. ჩვენ მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობებიც შეგვიძლია, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არავითარ შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ამ ყველაფერში თქვენი, ახალგაზრდების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს და ქალაქის განვითარება შეუქცევადი გახდება.
“ჩვენ, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ბევრი პროგრამა განვახორციელეთ ახალგაზრდებისთვის, მაგრამ ამაზე არ ვჩერდებით. მომავალში კიდევ უფრო საინტერესო იდეებს შემოგთავაზებთ. ასევე, თქვენგანაც ველოდებით საინტერესო იდეებს, ხედვებს, რომელთაც პროექტებად ვაქცევთ და განვახორციელებთ ჩვენი ქალაქისთვის.
მინდა, მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. 4 ოქტომბერს ჩვენი ქალაქი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას და შეუქცევადი იქნება მისი აღმშენებლობა, განვითარება, მაგრამ ყველაზე მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რადგან მშვიდობას მოაქვს განვითრება, კეთილდღეობა, აღმშენებლობა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი დღეს ქვეყანაში, ვისაც ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოა”. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს!”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ახალგაზრდებთან თბილისის მერის შეხვედრა ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში გაიმართა. შეხვედრა ჯგუფ “ურსას” კონცერტით გაგრძელდა.