
გოჩა ჩხაიძე Who is Who-მ ღვინის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა
ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძე ქართული ღვინის კულტურის გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მსოფლიოში გამორჩეულ ადამიანად დასახელდა.
აღიარება მას Who is Who International Awards-ის ფარგლებში გადაეცა, საერთაშორისო ჯილდოს, რომლის ლაურეატები წარსულში ბარაკ ობამა და რიანა იყვნენ.
როგორც გოჩა ჩხაიძე “ჯორჯიან თაიმსთან საუბარში აცხადებს ღონისძიება კვიპროსში ჩატარდა. და მას პოლიტიკის, კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისი თქმით, მთელი მსოფლიოდან ის იყო ერთადერთი ღვინის კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა.
“ეს ჯილდო არა მხოლოდ პიროვნული, არამედ კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანი წარმატებაა.ჩემი ქვეყანა ძალიან კარგად წარმოვაჩინე. ფაქტობრივად, ყველა იმ ადამიანმა, ვინც იქ იყო, პირველად გაიგეს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი. გარდა სიტყვით წარდგენისა, საშუალება მომეცა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის ჩვენი წარმოებული ღვინის გარკვეული სახეობები გამესინჯებინა, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. დარწმუნებული ვარ, რომ იქ მყოფთა 50% საქართველოში ჩამოვა, რისი პირობაც დადეს, – განაცხადა ჩხაიძემ.
გოჩა ჩხაიძის ეს წარმატება კვიპროსის საზღვრებს აუცილებლად გასცდება და საქართველოს, როგორც ქვეყნის და მეღვინეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.
„ჩვენი კომპანიისთვის, ამ ჯილდოს მიღება და აღიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ძალიან დიდ პოპულარიზაციას გაუწევს როგორც ჩემს კომპანიას, ისე ქართულ ღვინოს. რეალურად, “ასკანელი” მართლა ლიდერია საქართველოში. საერთაშორისო ბაზარზე 30-ზე მეტ ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი და 1000-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო გვაქვს მიღებული. გასულ წელს, ჯამში 20 მლნ ბოთლი გავყიდეთ, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში კარგად გვიცნობენ”, -განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, კომპანია “ასკანელი” მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” 2023-2024 წლის ბიზნეს რეიტინგის გამარჯვებული და ბიზნეს რეიტინგის XXIII-ე დაჯილდოების ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, ბიზნესმენებმა ფარული კენჭისყრის საფუძველზე თავად გამოვლინეს.