1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

135
0

პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელმაც პროცესზე ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა.

პროკურორის განმარტებით, გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე, მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება დაცვის მხარეს – ყოფილი პრემიერის უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისთვის მტკიცებუ

ლებები არ არსებობს. ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს.

უფლებადამცველმა, ბერდია სიჭინავამ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალი არა გიორგი გახარიას, არამედ საქართველოს წაუყენეს. “რომელი ახალი დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი, როცა ძველი არ არსებობს?!,” – განაცხადა მან.

მისი თქმით,  საქმე პოლიტიკურია და “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიაზე პოლიტიკური დევნა პირდაპირ ეთერში დააანონსა.

თავად ბრალდებული გიორგი გახარია პროცესს არ დასწრებია. ის რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება.

რაც შეეხება გახარიას მიმართ წარდგენილ კიდევ ერთ ბრალდებას მეორე საქმეზე, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევას უკავშირდება, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, 20:00 საათზე იმსჯელებს.

 პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ორ საქმეზე – 20 ივნისის აქციის დარბევაზე და ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, 20 ივნისს, გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად, პარალელურ რეჟიმში გამოყენება, ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. შედეგად, სპეციალური საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების ერთობლივად გამოყენებით, ათეულობით მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა ხარისხის დაზიანება, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი, ხოლო ხუთმა მოქალაქემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

რაც შეეხება ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს – პროკურატურის განცხადებით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. აღნიშნული ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების საბაბად გამოიყენეს. კერძოდ, 2019 წლის 5 სექტემბერს, ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებებმა სიმაღლეები დაიკავეს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.