
გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილეს- საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენთაგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი -მიხეილ ყაველაშვილი
გილოცავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეს. ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ათი წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილსა და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს დემოკრატიული, თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ყველაფერი თქვენი პროფესიონალიზმის დამსახურებაა. რომ არა სახელმწიფო უსაფრთხოება, რომ არა თითოეული მოქალაქის ის გრძნობა, რომ ჩვენი ქვეყანა დაცულია, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა ის განვითარების პროცესები, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ვხედავთ თქვენს მაღალ შეფასებებს და ბრძოლას კორუფციასთან, ტერორიზმთან, ვიცით, რომ არაერთი მცდელობაა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო ჩვენს ქვეყანაში და როგორ მაღალ დონეზე შეძელით ამ ყველაფრის აღმოფხვრა. ეს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ იმედს აძლევს ჩვენს მოქალაქეებს, უფრო მყარად იყვნენ ამ ქვეყანაში.
ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თქვენს თანამშრომლებს. არსებობენ გმირები, რომლებიც შეიძლება, არ იცოდეს საზოგადოებამ, როგორ პროფესიონალურად უძღვებიან ეს ადამიანები თავიანთ საქმეს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე და საქართველოს მოსახლეობის სახელით თითოეულ თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, დაცული, უსაფრთხო და ყველასთვის მიმზიდველი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.