გია ბარამიძე – ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ მისი სიტყვები აფხაზეთის ომის შესახებ ამოგლეჯილად გაავრცელეს. როგორც ბარამიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, როდესაც საუბრობდა ტყვეების არყოლაზე, მან თქვა, რომ სეპარატისტულ მხარეს ტყვეები ჰყავდა, ქართულ მხარეს კი – არა, რადგან, მისი თქმით, „ჩვენები ხვრეტდნენ“. ბარამიძე განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავდა, თითქოს ტყვეებს ქართული სახელმწიფო ან ქართული ჯარი ხვრეტდა.
„ჩემი სიტყვები გაავრცელეს ამოგლეჯილად. ვთქვი, რომ ომის პირველ კვირებში, პირველ ხანებში, როდესაც ვიყავი ტყვეების გაცვლით დაკავებული, ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები. ვთქვი, რომ იქით მხარეს, ანუ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ რომ ჩვენები ხვრეტდნენ. ეს სიტყვა ვთქვი, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ქართული ჯარი. მტერთან სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა და ჩვენებს არ აჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია. იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ – არ არის გასაკვირი მათგან, არ დაინდოს მტერი. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და მით უმეტეს – დანაშაული, ამას ვერავინ ვერსად წაგვიყენებს დანაშაულად. დადასტურებულია, რომ რუსეთის ფედერაციაა აგრესორი, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ეთნიკური წმენდა და რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი იმ დანაშაულებზე, რაც ხდებოდა 1992-1993 წლებში აფხაზეთში“, – განაცხადა გია ბარამიძემ.