“ღია ბარათი საქართველოდან- სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს”- Financial Times
ბრიტანულ გაზეთ “ფაინენშელ თაიმსში” (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით “ღია ბარათი საქართველოდან: სადღეგრძელო ყურძნის მოსავალს // კახეთის ოჯახურ ვენახებში სტუმრებს რთველში მონაწილეობას და სუფრაზე ქეიფს სთავაზობენ“ (ავტორი – კამილა ბელ-დევისი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
თბილისში ყოფნის დროს ლეგენდა მოვისმინე სპარსეთის შაჰ აბას I-ზე,რომლისთვისაც 1616 წელს საქართველოდან სპარსეთში ჩატანილი საფერავის ღვინო უჩუქებიათ. როცა შაჰს ღვინო დაულევია, ისე მოსწონებია, რომ იმწუთასვე არმია შეუკრებია და კახეთს შესევია ნაყოფიერი მიწების დასაპყრობად. ქართველები თავდამსხმელებს არ დამორჩილდნენ და მტერს გაბედულად დახვდნენ. როცა შაჰს დაუნახავს, რომ ისინი ბრძოლისათვის საჭირო ძალას საფერავიდან იღებდნენ, მას უბრძანებია, რომ ვენახები აეჩეხათ და ვაზი ამოეძირკვათ. მოგვიანებით აბას I-მა ინანა თავის გადაწყვეტილება, მაგრამ უკვე გვიან იყო:ღვინო, რომელიც მას ესოდენ მოსწონდა, დაიკარგა.
საბედნიეროდ, როგორც აღმოჩნდა, სპარსეთის მმართველის ბრძანების შესრულებას ქართველები წინააღმდეგობას უწევდნენ და ვენახები ნაწილობრივ გადარჩა, შემდეგ კი ვაზი ისევ გავრცელდა. დღეს საქართველოს მეღვინეობის-მევენახეობის დარგი ფართოვდება, ქართული ღვინის წარმოება ბუმს განიცდის: ღვინოები უცხოურ კონკურსებში მონაწილეობენ და მაღალ საერთაშორისო ჯილდოებს იღებენ, ცნობილი უცხოური ბარ-რესტორნები ქართული ღვინით მარაგის შევსებას ცდილობენ.
საქართველოში ტურ კომპანია Wild Frontiers-ს მეშვეობით ჩავედი იმ მიზნით, რომ შემოდგომაზე ვენახში ყურძნის მოსავლის აღებაში – რთველში მიმეღო მონაწილეობა და საფერავის ყურძენი მომეკრიფა, რომლითაც მომავალი წლისათვის ღვინო დამზადდებოდა. ეს პერიოდი ვენახებით მოფენილ კახეთში ძალიან აქტიური და შრომატევადია. ყოველ ოჯახს სურს რთველის დროს ყურძნის რაც შეიძლება მეტი მკრეფავი ჰყავდეს: ვინც კი კახეთში ჩავა სექტემბერ-ოქტომბერში, ყველას შეუძლია რთველში მონაწილეობა მიიღოს. თქვენ, სტუმარს, ამისთვის არაფრის გადახდა არ გჭირდებათ და არც მასპინძლები არ გიხდიან, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უხვ საჭმელს – რაც გინდათ და რამდენიც გინდათ, მიირთვით. საერთოდ, უცხოელმა სტუმრებმა რთველში მონაწილეობა უმჯობესია კახეთის რომელიმე საოჯახო სასტუმროს მეშვეობით მიიღოს – თითქმის ყველას აქვს საკუთარი პატარა ვენახი – და წინასწარ დააზუსტოს, თუ როდის აქვთ დაგეგმილი მოსავლის აღება (მაგალითად, “კვირია” თელავში).
ტურისტულმა კომპანიამ შემომთავაზა მონაწილეობა ავთანდილ (ავთო) ხუციშვილის – მცირე ბიზნესმენის რთველში. მცირე მეწარმეობა კახეთისათვის ტიპიური მოვლენაა. ავთო ყოველი მოსავლის აღების შემდეგ 10 ათას ბოთლამდე ღვინოს ამზადებს სტუმრებისა და ახლობლებისთვის.
კახეთში შემოდგომაა, მაგრამ ჯერ ისევ ცხელა. მივდივართ ავთოს ვენახში, რომელიც [ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხეობაში] სოფელ გავაზთან ახლოს მდებარეობს. ჰორიზონტზე კავკასიის შემოდგომის ფერებით შემოსილი მთები მოჩანს. ავთოს ოჯახის წევრებს – ყურძნის მკრეფავებს – ვენახში შორიდან უკვე ვხედავთ: ქალებს – ღია ფერის თავსაფრებით და კაცებს – ჩალის ქუდების მსგავსი ეროვნული თავსაბურავებით, რომლებიც ვაზის ყურძნის მტევნებს შორის მოჩანან.
ვიწყებთ რთველს: ვიღებთ ვედროებს, ვაზის დიდ ფოთლებს აქეთ-იქით ვწევ და მტევნებს ვჭრი. მზე მაცხუნებს და ოფლი მომდის. ოჯახის ერთ-ერთი წევრი ტრაქტორის მისაბმელის ძარაზე დგას, მას ყურძნით სავსე ვედროებს ვაწვდი, რომლებსაც ძარაში დაწყობილ ყუთებში ცლის. ყუთებიდან მათრობელა სასიამოვნო არომატი იფრქვევა.
ნაშუადღევს რთველს ვამთავრებთ და დაღლილები ხის ჩრდილში ბალახზე ვწვებით. წელში ცოტა ტკივილს ვგრძნობ, ხელებზე მეწამული ლაქები მაქვს… უკან დაბრუნებისას, გზაში ყურძნით დატვირთულ უამრავ ავტომანქანას ვხედავთ.
სასტუმრო სახლში იმ დროს დავბრუნდით, როცა რთველის კულმინაციური მომენტი უნდა დაწყებულიყო: ყურძნით სავსე ყუთები კაკლის დიდი ხის ქვეშ არსებულ ქვის საწნახელში იცლება. “ყურძნის დაწურვის დაწყებას ჩვენ ხშირად ბავშვებსაც ვანდობთ ხოლმე”, – ამბობს ავთო და გვანიშნებს, საწნახელში ჩავდგეთ. ყურძნის დაწურვა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა.
სუფრასთან ვსხდებით. მაგიდაზე უამრავი საჭმელია – ღორის მწვადები, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, ხაჭაპური, ბოსტნეული… ტრაპეზის დროს თამადა სადღეგრძელოებს ამბობს, ისმის შეძახილები – “გაუმარჯოს!”. თამადა აქებს მოსავალს, ლოცავს სტუმრებს და ოჯახის წევრებს.
ავთო ჭაჭის არაყსაც ხდის – სპირტის (ალკოჰოლის) შემცველ სასმელს, რომელიც ყურძნის ნარჩენებით მზადდება. ჭაჭის პირველივე ყლუპი ყელს მწვავს და მკერდზე ხელს ვიტაცებ, სხვები კი ამოისუნთქებენ, ზალპით სვამენ და ბოკალს აცარიელებენ. “ქართული ღვინო სამკურნალოა, ჯანმრთელობას უხდება, ამიტომ მისი დალევა ავადმყოფებისთვისაც შეიძლება, მაგრამ ჭაჭა რომ დალიო, ჯანმრთელი უნდა იყო”, – კომენტარს აკეთებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი. ჩემთვის ეს ყველაფერი ჰედონიზმია – სიამოვნების მომგვრელი, თავს ბედნიერად ვგრძნობ. ყურძენში მზის ენერგიაა განსახიერებული, რთველში კი ამ ენერგიის მიღება ადამიანების მიერ.
მომდევნო დღეს კაკაბეთში [საგარეჯოს მუნიციპალიტეტში] მდებარე დახვეწილი გემოვნებით დამზადებული ღვინოებით ცნობილ ღვინის მარნის “ველინოს” რთველში უნდა მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ მისმა მფლობელმა ბექა ჯიმშელიძემ ყურძნის კრეფვა ორი კვირით გადადო – შარშან მისმა “გვიანი საფერავის” ღვინომ საკმაოდ კარგი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, ამიტომ წელსაც მოსავლის გვიან აღება გადაწყვიტა. რთველის ნაცვლად მივდივართ ღვინის დეგუსტაციაზე, გზადაგზა კი პეიზაჟით ვტკბებით. იქვე ადგილობრივ თაფლსაც ვყიდულობთ. უკან, “ველინოში” გვიან ვბრუნდებით.
ბექა წყნარი ახალგაზრდა კაცია, პერფექციონისტი (იგი ცდილობს საქმე სრულყოფილად გააკეთოს და არ კმაყოფილდება მიღწეულით), იცავს ქვევრებში – ამფორების მსგავს თიხის ჭურჭლებში – ღვინის დამზადების რვათასწლოვან ტრადიციებს. ქვევრში ჩასხმული ყურძნის წვენი, ფერმენტაციის შედეგად, რამდენიმე თვეში ღვინდება და თეთრ-ქარვისფერ ან წითელ ღვინოდ გადაიქცევა. ბექა გვიხსნის, რომ ქვევრში ღვინო ბუნებრივი წესით “იფილტრება” (სუფთავდება და გამჭვირვალე ხდება). იმის გამო, წომ ყურძნის წვენის ჩასხმის წინ ქვევრებს ალუბლის ხის ქერქისაგან დამზადებული სარცხელით რეცხავენ და ფუტკრის ცვილს უსვამენ, ღვინო იღებს ალუბლისა და ცვილის არომატს.
ვაგემოვნებთ ძველ ქართულ ქარვისფერ ღვინოს “რქაწითელს, რომელიც “ვალინოს” მარანშია დამზადებული. ბექა განმარტავს, რომ ქარვის შეფერილობა წარმოიქმნება ყურძნის კანით და წიპწით. სულ ბოლოს კი ვსვამთ იმ საბედისწერო წითელ ღვინოს, რომელმაც 400 წლის წინათ სარსეთის შაჰი აბას I საქართველოში მოიყვანა. “საფერავი” ისეთი ღვინოა, რომლის ძალასაც დალევისთანავე ძარღვებში იგრძნობთ. “თუ მტერი თავს დაგვესხმება, ჩვენ ამ ღვინოს დავლევთ, – ამბობს ბექა და სასმისს მაღლა სწევს, – ძალა გაგვიორმაგდება და მზად ვიქნებით საბრძოლველად”.