
ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს – 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი
ღაზაში ომი ახლავე უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
„ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვამ ახალ დონეს მიაღწია. ისრაელის მთავრობის დახმარების მიწოდების მოდელი საშიშია, არასტაბილურობას აღვივებს და ღაზაში მოსახლეობას ადამიანურ ღირსებას ართმევს. საშინელებაა ის, რომ დახმარების მიღებისას 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ისრაელმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრები „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მოწოდებით გამოდიან.
„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებას ხელს ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აწერენ.