
გერმანიის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
ARD/Infratest-ის ეგზიტპოლის თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებზე პირველი ადგილი ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) დაიკავა 29%-ით. მას მოსდევს ულტრამემარჯვენე პარტია AfD ხმების 19.5%-ით.
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა – 16%.
გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მწვანეთა პარტიამ ხმების 13.5% მიიღო.
5%-იან ბარიერს ლახავს ულტრამემარცხენე პარტია Die Linke – 8.5%. გარდა ამისა, ბარიერის ზღვარზე არიან პრო-რუსული, პოპულისტური პარტია “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” – 4.7% და ლიბერალური პარტია “თავისუფალი დემოკრატები” – 4.9%.
არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რამდენი პარტია შეძლებს ბუნდესტაგში შესვლას და 5%-იანი ბარიერის გადალახვას. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ბარიერის ზღვარზეა ორი პარტია – მემარცხენე-პოპულისტური, ევროსკეპტიკური “სარა ვაგენკნეხტის კავშირი” და ლიბერალური FDP. ამ პარტიების პარლამენტში შესვლა გაართულებს 2 პარტიის მიერ სამთავრობო კოალიციის შექმნას.