1. Home
  2. TOP სიახლე
  3. გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

147
0

გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00 საათისთვის გადაიდო. ამასთან, დაკავებულთა ადვოკატის თქმით, სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებს დაავალა, წარმოადგინოს ვიდეო მტკიცებულებები.

პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, – ამის შესახებ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მედიასთან სასამართლოში განაცხადა, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან 18 ნოემბერს რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობდა.

გოლეთიანის თქმით, გუშინ შეეცადნენ, „დაშინების მეთოდით“ პროტესტის განეიტრალებას, თუმცა უკან არ დაიხევენ.

„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, როცა ხელისუფლებას, სამინისტროს, პოლიციას, ყველას ერთად, არგუმენტი არ აქვს, როგორ მოქმედებს – პოლიციას ფარად იფარებს უსამართლობის დასაცავად. ნახეთ, რამდენად აგრესიულები იყვნენ. მე პირადად და სხვებსაც ბრალში გვიწერია, თითქოს ჩვენ ვაგინებდით პოლიციას, პროცესი შებრუნებულია – პირიქით ხდებოდა ეს ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი, რამდენად აგრესიული იყო: მანქანაში ჩატენვა და ყველა კომპონენტი. ესეც ვფიქრობთ დაშინების მეთოდი და მცდელობაა, რომ მიმდინარე პროტესტი განეიტრალდეს.

მიმდინარე პროტესტი ჩვეულებრივ გაგრძელდება, დავბრუნდებით ჩვენ პროტესტის ადგილზე. ერთი სათხოვარი მაქვს საზოგადოებისთვის, იქნებ მოვახერხოთ გაერთიანება იმდენად, რომ ეს სამართლიანი ბრძოლა და პროტესტი ბოლომდე მივიყვანოთ. ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, იმ მაგალითის სახით, რაც გუშინ და დღეს ხდება, რომ ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიანი პროცესი, აბსოლუტურად დაუსაბუთებლად. ჩვენი კანონიერი უფლებაა, რომ კარავი დავდგათ, კანონში პირდაპირ წერია, ამის აკრძალვის უფლება არავის აქვს, არათუ კარვის დადგმაზე, ზოგადად მოთხოვნაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა გოლეთიანმა და დასძინა, რომ „გადმოსული არიან ხელების გადაგრეხაზე, რადგან სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ“.

შაბათს გარემოს დაცვის სამინისტროსთან 11 პირი დააკავეს. სამინისტროსთან შეკრებილები კი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. მათი ძირითადი მოთხოვნა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი სამონადირეო ლიცენზიის გაუქმებაა.

საკითხს იმავე დღეს გამოეხმაურა სამინისტრო. უწყების განცხადებით, არ არსებობს საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად და „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა“. უწყების განმარტებით, სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება.