
განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა – აშშ-ის საელჩო
[აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 7 მაისს გვიან ღამით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დასახელდა სავაჭრო ცენტრები – “ისთ ფოინთი”, “გალერია თბილისი” და “თბილისი მოლი”. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის “შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე”. სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.