გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება
რომის ვიკარიატმა გასცა განკარგულება, სან ლორენცო ინ ლუჩინის ბაზილიკის სამლოცველოში გამოსწორდეს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ქერუბიმი და რომლის სახეც ბოლო რესტავრაციის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს.
როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა” იუწყება, გადაწყვეტილება მიიღეს ტაძრის წინამძღვრის, დანიელე მიკელეტისა და ვიკარიატის წარმომადგენლებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
გამოცემის ინფორმაციით, რომის ეპარქიის გენერალურმა ვიკარიუსმა, ბალდასარე რეინამ აღნიშნა, რომ საკრალური ხელოვნება განკუთვნილია მხოლოდ „ლიტურგიული ცხოვრებისა და ლოცვისთვის” და არ შეიძლება მისი „არასწორი მიზნით გამოყენება”.
„ლა რეპაბლიკა” წერს, რომ ფრესკაზე გამოსახული ქერუბიმის ჯორჯია მელონისთან აშკარა მსგავსებამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და V საუკუნეში აგებულ ბაზილიკაში უამრავი ცნობისმოყვარე ადამიანი მიიზიდა, რაც ეკლესიას არ მოეწონა.
ფრესკა 2000 წელს შექმნა რესტავრატორმა ბრუნო ვალენტინეტიმ, ხოლო 2023 წელს მანვე ჩაატარა მისი რესტავრაცია. იგი ამტკიცებს, რომ ფრესკას პრემიერ-მინისტრის ნაკვთები არ ჰქონია. „ლა რეპუბლიკის” ინფორმაციით, გამოსახულების შესწორება, სავარაუდოდ, კვლავ მასვე დაევალება, თუმცა მუშაობა, როგორც იუწყებიან, მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება, რათა ქერუბიმის სახემ „ტიპური ზეციური იერი” მიიღოს.
ცნობისთვის, 2 თებერვალს „როიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონის ჰგავს. „როიტერის” ცნობით, კულტურის სამინისტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას აპირებს.