
გაეროში რუსეთის წარმომადგენელი: უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის წევრი
გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის ვასილი ნებენზიას განცხადებით, „მომავალი უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური სახელმწიფო და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის წევრი.
როგორც რუსეთის წარმომადგენელმა გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი უკრაინის შესახებ რაიმე სახის შეთანხმების მხარეები ვერ იქნებიან.
„ისინი ვერ იქნებიან უკრაინის კრიზისის მოგვარების შესახებ რაიმე სამომავლო შეთანხმების მხარე. ისინი რუსოფობიით არიან დაბრმავებულები, მანიაკალური სურვილით, რომ ჩვენი ქვეყანა ცოცხლად დარჩენილი უკრაინელების ხელით ბრძოლის ველზე დაამარცხონ“, – აღნიშნა ნებენზიამ.
რუსეთის წარმომადგენლმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის „თვითგამოცხადებული პრეზიდენტი“ უწოდა და თქვა, რომ მან ქვეყანა კონფლიქტში ჩაითრია.
„უკრაინა უნდა იყოს დემილიტარიზებული, ნეიტრალური სახელმწიფო და არა რომელიმე ბლოკის ან ალიანსის ნაწილი“, – დასძინა ნებენზიამ.